თქმულება თეთრი გველზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეთრი გველი - წავიდა ორი მონადირე ტყეში. სანადიროს რომ მიაწიეს, ხედავენ, სოროსთან თეთრი გველია მოკალათებული, გორგლად არის დახვეული. გაახსენდა ერთს თქმულება, თეთრი გველის ხორცის ერთ ლუკმას ვინც შეჭამს, ჩიტის ენას ისწავლისო. მოკლა გველი, დაუტოვა მეორე მონადირეს და უთხრა: ააგე შამფურზე ეს გველი, შეწვი და ჩემს მოსვლამდე არაფერი მოაკლოო.

შეწვა ეს გველი მეორე მონადირემ და რომ წვავდა, გამოიბერა გველი ერთ ადგილზე, გასკდა და ქათმის თვალივით რაღაც მოხვდა ხელზე და დაეწვა. დამწვარი ხელი მონადირემ მაშინვე პირში იკრა.

ამ დროს გადმოიარა ყორანმა და დაუძახა: რას უზიხარ მანდაო, შენმა ამხანაგმა ნადირი მოკლა და ვერ ერევაო. ადგა ეს ბიჭი, შემწვარი გველი იქვე მიატოვა და წავიდა ამხანაგის საშველად. რომ მივიდა, ჰკითხა ამხანაგმა: რა ჰქენი, შეჭამე გველი, გაგიწყრა ღმერთიო? არაო, – მიუგო, – ღვთის მადლმა, პირი არ მიმიკარებია, მხოლოდ შევწვიო. აბა, რით გაიგე ჩემი ამბავიო? ყორანმა გადმოიარა და დამიძახაო. მაშ, გველისა სულ არაფერი შეგიჭამიაო? არაო, ოღონდ გველს რომ ვწვავდიო, ერთ ადგილას გამოიბერა პატარა ქათმის თვალივით, გასკდა, ხელი დამწვა და ენა ავუსვიო. სწორედ ეგ იყო წამალიო, — უთხრა ამხანაგმა, – ღმერთს შენთვის მოუცია ფრინველთა ენა, შენი იღბლისა ყოფილა და შეგარგოს ღმერთმაო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები