თხილამურები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თხილამურები

თხილამურები - თოვლზე ან ჭაობიან ადგილზე გადასაადგილებელი მოწყობილობა არის ორი სახისა - სასიარულო (საბიჯებელი) და სასრიალო. სასიარულო თავის მხრივ ორგვარია - თოვლისა და ჭაობისა.

სასრიალო თხილამურებს განეკუთვნება სპორტული (სარბოლო, სასლალომო, სახტომი), ტურისტული, სანადირო და სპეციალური დანიშნულების თხილამურები.

თხილამურები


სასიარულო თხილამურები გავრცელებული იყო საქართველოს მთისწინეთსა და მაღალმთიანეთში. ქართული ხალხური თხილამურები სხვადასხვა მოყვანილობისა იყო (გირკალისებრი, მრგვალი, ელიფსური, ოვალურჭვინტიანი) და დამზადების ტექნიკითაც განსხვავდებოდა. გირკალისებრი თხილამურები გავრცელებული იყო ხევსურეთში, მრგვალი - უმთავრესად სვანეთში, სამეგრელოში, ლაზეთში, აფხაზეთსა და მთიულეთში. ელიფსური - ქართლში, აჭარაში, რაჭაში, ნაწილობრივ სვანეთში, სამეგრელოსა და იმერეთში, ხოლო ოვალურჭვინტიანი - აჭარაში, გურიასა და ლაზეთში. საქართველოს მთიანეთში ცნობილია ადგილობრივი წარმოშობის თხილამურები. ამ მარტივ სასრიალო თხილამურებს სვანეთში „ლაჩირხალალი“ ჰქვია, თუშეთში - ქოკები, მთიულეთში - კაგდები და სხვ. ქართული ხალხური თხილამურების დიდი კოლექცია დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილების ფონდებში. ამ ტიპის თხილამურების გამოყენება საქართველოსა და კავკასიაში ძველი ბერძნული საისტორიო მწერლობაშიცაა დამოწმებული. საქართველოსა და კავკასიის გარდა სასიარულო (საბიჯებელი) თხილამურები ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული შუა აზიის მთიანეთში, ციმბირში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის ცივ ზოლში. რუსეთის ჩრდილოეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მოსახლეობა უხსოვარი დროიდან იყენებდა სასრიალო თხილამურებსაც, როგორც გადაადგილების ერთ-ერთ აუცილებელ საშუალებას.

ლიტერატურა

ფ. ნავერიანი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები