ისარნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისარნა

ისარნა - ყურძნის დაწურვისას ტკბილის მოსაკავებელი ჭურჭელი, საიდანაც შემდეგ ტკბილი გადააქვთ ქვევრებში. თიხის ისარნა არის უყუროცა და ყურიანიც. საკმაოდ სქელკედლიანი ჭურჭელია ხამი კერამიკისგან გაკეთებული. გვხვდება როგორც ბრტყელძირა ასევე კონუსურიც, აქვს ოდნავ დაქანებული კედლები (თუ ისარნა უყუროა), ან ოდნავ გამობერილი მუცელი „გვამი“ (თუ ისარნა ორყურაა). ისარნას პირი ფართო, გადმოკეცილი ფარფლით მთავრდება.

ისარნა ჩვეულებრივ საწნახელის წინ დგას, საიდანაც ტკბილი ჩამოედინება, იქედან კი ანაწილებენ ჭურებსა და ქვევრებში. აღსანიშნავია, რომ ისარნა სხვა დანიშნულებითაც იხმარება: მაგ., ვენახის შესაწამლი შაბიამნის ხსნარის მოსაკავებლად და დასამზადებლად. ზოგი მეჭურჭლე დიდი ზომის ისარნას მიწის დასალბობადაც იყენებენ. მოჭიქული ჭურჭლის ხელოსნები კი ისარნებში სხვდასხვა ფერის ჭიქურს ამზადებენ. კახეთში იგი გამოყენებული ყოფილა სხვადასხვა საღებავის ჩასაყენებლად, ხოლო დაბაღები ტყავს აწყობენ დასამუშავებლად, იყენებდნენ აგრეთვე საწყაოდაც. ზემო იმერეთში სოფ. თავასაში დამოწმებულია შუა საუკუნეების ქვის დიდი საწნახელი და ქვისავე ისარნა.

ლიტერატურა

ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, I კახური, 1949.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები