კაიფერის თესლნერგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაიფერის თესლნერგი(Kieffer’s Seedling). მსხლის ჯიში კაიფერის თესლნერგი, როგორც თვით სახელწოდებაც გვიჩვენებს, თესლნერგებს შორის ნაპოვნი იყო მებაღე კაიფერის მიერ ამერიკაში (ფილადელფიის მახლობლად). ფიქრობენ, რომ კაიფერის თესლნერგი უნდა იყოს ბუნებრივი ნაჯვარი P. serotina და „ვილიამსის“ შორის. პირველად ამ ჯიშს გაეცვნენ 1863 წ., ხოლო 1883 წ. კი ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ბაღების საწარმოო-სამრეწველო ჯიშად ითვლებოდა. ჩვენთან სულ უახლოეს წარსულში იქნა შემოტანილი და ფართოდ გავრცელებული შავი ზღვის სანაპიროებზე.

საქართველოში კაიფერის თესლნერგი აჭარაშია ცნობილი „მარკოვკას“ სახელწოდებით. ფართოდ გავრცელებულია აფხაზეთში, სოხუმის რაიონში (სოფ. ვლადიმიროვკაში და სხვაგან), აჭარასა და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ დაბლობ ჭარბტენიან რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება თითო-ოროლა ხე (ქართლში – სკრაში, კარალეთში, გორში).

კაიფერის თესლნერგის ყვავილი

ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, ხან მსხვილი აქვს, თავსა და ბოლოში მორგვალო და შუაში განიერი, შუკოს მზგავსი მოყვანილობისა. ნაყოფის ზედა ნაწილში ზოგჯერ წახნაგები აქვს განვითარებული და კომშის ნაყოფის შეხედულებისაა.

ნაყოფის კანი გლუვია, ოდნავ ხაოიანი ჟანგაროს ხალების გამო, რაც ნაყოფის ყველა ნაწილზე უხვად გვხვდება. ძირითადად მუქი ოქროსფერია, ზოგჯერ მკრთალი სითილე დაჰკრავს მზის მხარეზე. ნაყოფი საერთოდ ლამაზი მოყვანილობისა და გარეგნობისაა. ნაყოფი ქეცით არ ავადდება.

ყუნწი საშუალო სიგრძისაა, სწორი და მსხვილი და ზის პატარა ღრუში, ჯამი ღია აქვს და ზის პატარა და განიერ ღრუში.

ნაყოფის ხორცი მოყვითალოა. უხეში, ღრტილიანი, მოტკბო – მახრჩობელა, არასასიამოვნო ბელეკონის სუნით და გემოთი; მდარე ხარისხისაა. სიმწიფის დრო ოქტომბერ-დეკემბერში უდგება. ნაყოფი გამოიყენება საკონსერვო საქმეში – იძლევა მაღალი ხარისხის კონსერვებს. ნაყოფი საწყობში დიდხანს ვერ სძლებს, ფუჭდება.

ხე იზრდება ძლიერად, ინვითარებს ვიწრო პირამიდულ, უხვად და ლამაზად შეფოთლილ ვარჯს.

ნაზია და ვერ იტანს ყინვებს, მაგრამ კარგად ეგუება ცხელი და ჭარბტენიანი ჰავის პირობებს.

ყვავილობა ადრეულა აქვს. ყვავილები თვითსტერილია. ადრე შედის მოსავლიანობაში. ისხამს უხვად. ნაყოფი მკვიდრად ზის სანაყოფე ტოტებზე, ქარისაგან ადვილად არ სცვივა. კომშზე არ ემყნის: მოითხოვს ჩართულ მყნობას; კარგად მიდის მხოლოდ ძლიერ საძირეზე. მომავალი ამ ჯიშს უსათუოდ დიდი აქვს ჩვენი ქვეყნის სუბტროპიკულ ჭარბტენიანი რაიონების მეხილეობის და აგრეთვე საკონსერვო ქარხნების სამოქმედო რაიონებში.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები