კარ-ვაი ვონგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვონგ კარ-ვაი

ვონგ კარ-ვაი – (დ. 1958 წლის 17 ივლისს ქ. შანხაიში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა – ჰონკონგური) ახალი ტალღის კინორეჟისორი და სცენარისტი, ცნობილი თავისი პოეტური კინოენით. კანის კინოფესტივალის პრიზის მფლობელი საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაში. მისმა ფილმმა „სასიყვარულო განწყობილება” (2000 წელი) მსოფლიო კრიტიკოსების ფართო აღიარება მოიპოვა.

ვონგ კარ-ვაიმ 1980 წელს დაამთავრა ჰონკონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი გრაფიკული დიზაინის სპეციალობის დიპლომით.

კარიერის დასაწყისში წერდა სცენარებს, თავდაპირველად სერიალებისა და ე. წ. საპნის ოპერებისთვის, შემდეგ კი სრულმეტრაჟიანი ფილმებისთვის დაიწყო სცენარების წერა.

1987 წელს ჰონკონგის კინოინდუსტრიამ წარმატების პიკს მიაღწია. ამ წარმატების შესანარჩუნებლად ახალი რეჟისორების მიზიდვა გახდა საჭირო, რომელთა შორის კარვაიც აღმოჩნდა. ის მიიწვიეს ახალ დამოუკიდებელ კომპანია In Gear-ში, სადაც შესაძლებლობა მიეცა გადაეღო თავისი საკუთარი ფილმები.

ვონგ კარ-ვაის პოეტური კინოენა მიპყრობილია ფილმების გამომხატველობითობასა და ატმოსფეროზე. მისი ფილმების სტრუქტურა ჩვეულებრივ ფრაგმენტული, ქაოტურია და ტოვებს მხოლოდ მსუბუქ მინიშნებას მასში არსებულ ნარატივზე, რომელიც ხშირად ჩადებულია რამდენიმე ერთმანეთში გადახლთულ სიუჟეტურ ხაზში. ვონგი თვლის, რომ იყენებს რა ამგვარ ფრაგმენტულ ექსპრესიულ კინოენას, ის თხრობის ლოგიკას აგებს თავის ფილმებში. რეჟისორის ვიზუალური სტილის ძირითად ელემენტებს კი წარმოადგენს მკაფიო გაჯერებული ფერები და გარინდებული კამერა.

ვონგ კარ-ვაი წარმოადგენს მნიშვნელოვან ფიგურას თანამედროვე მსოფლიო კინოში და დასახელებულია თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რეჟისორად.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1988 – „ვიდრე არ დაშრება ცრემლი”
  • 1994 – „ჩუნგკინგის ექსპრესი”
  • 1994 – „ჟამთა ფერფლი”
  • 1995 – „ზნედაცემული ანგელოზები”
  • 1997 – „ბედნიერები ერთად” (კანის სკფ, პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის; ევროპული კინოაკადემიის პრემია Screen International Award)
  • 2000 – „სასიყვარულო განწყობილება” (სეზარი უცხოენოვანი საუკეთესო ფილმისთვის)
  • 2004 – „2046” (ევროპული კინოაკადემიის პრემია Screen International Award)
  • 2007 – „ჩემი კენკროვანი ღამეები”
  • 2013 – „დიადი ოსტატი” (აზიური კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის)

და სხვ.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები