კასტრო გილიონ დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გილიონ დე კასტრო − (1569-1631) ესპანელი დრამატურგი, წერდა სხვადასხვა ჟანრის პიესებს, ინტრიგის კომედიებსაც და რელიგიური შინაარსის დრამებსაც. საკმარისია გავეცნოთ თუნდაც მის ორ პიესას „სიდის ახალგაზრდობის წლები” და „სიდის გმირობანი”, რათა დავინახოთ ავტორის შემოქმედებითი ხელწერა. ორივე ტექსტი გაერთიანებულია ერთი სახელწოდების ქვეშ − „სიდის ჭაბუკობის წლები”.

გილიონ დე კასტროს ტექსტების პირველწყაროს ესპანური ხალხური სიმღერები (რომანსები) წარმოადგენენ. ამ რომანსებში ესპანეთის ნაციონალურ გმირს, როდრიგო დე ვივარას ადიდებენ. დამარცხებულმა მავრებმა მას სიდი, ანუ ბატონი უწოდეს. თუ სიმღერებში სიდი მხოლოდ მავრებზე გამარჯვებული რაინდია, გილიონ დე კასტროს პიესაში იგი ერთდროულად გმირიცაა და შეყვარებულიც.nსაგულისხმოა, რომ თავდაპირველად, როცა რომანსებსა და ქრონიკებში როდრიგოსა და ხიმენეს ქორწინების თემის დამუშავება დაიწყო, სიდი ერთ თავხედ აზნაურად იყო გამოყვანილი. ეს იყო არასასურველი მეუღლე, რომელმაც ხიმენეს მამა მოკლა. გადიოდა დრო და რაც უფრო შორდებოდა სიდის ამბავი ისტორიულ წყაროს, მით უფრო ძლიერ იცვლებოდა გმირის სახე. როდრიგო გადაიქცა მოხდენილ რაინდად, მეფის ინტერესების თავდაუზოგავ გამტარებლად და თავაზიან, ვნებიან მოტრფიალედ. ამ მიმართულებით განიცდიდა ცვლილებას სიდის სახე მეთექვსმეტე საუკუნის ბოლომდე.

რაც შეეხება გილიონ დე კასტროს, მან სასიყვარულო ხაზის დრამატიზირებისთვის უამრავი მასალა იპოვა და მოაგროვა ქრონიკებსა თუ რომანსებში. პიესაში „სიდის ახალგაზრდობის წლები” როდრიგოს და ხიმენეს მშობლები ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ოჯახებს წარმოადგენენ. ახალგაზრდა სიდს შურისძიება სწყურია, ვინაიდან მამის ღირსების აღდგენა სურს. ამიტომაც კლავს ხიმენეს მამას და ტოვებს სამშობლოს. მავრების თავდასხმისას როდრიგო ერთვება თავგანწირულ ბრძოლაში და იცავს სამშობლოს, ამის გამო მას მეფე შეიწყალებს და დააბრუნებს სამშობლოში.

მამის გარდაცვალების შემდეგ ხიმენე მარტოდმარტოა დარჩენილი და მასზე მზრუნველობას სიდი ითავებს. მეფეც დასტურს აძლევს მათ ქორწინებას.

რაც შეეხება მეორე ნაწილს − „სიდის გმირობანი” − ასახულია სიდის შემდგომი გმირობები და მასთან დაკავშირებული ამბები. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მეორე ნაწილი, მოქმედების განვითარებისა და პოეტურობის მხრივ, ჩამორჩება პირველ ნაწილს.

მარიკა მამაცაშვილი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები