კაუფმანი ანჯელიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანჯელიკა კაუფმანი. კორნელია, რომელიც თავის განძზე, შვილებზე მიუთითებს, 1785; ტილო, ზეთი, 101.6X127 სმ. ვირჯინიის ხელოვნების მუზეუმი, რიჩმონდი, ვირჯინია. ადოლფ დ. და უილქინს ს. უილიამსების ფონდი

ანჯელიკა კაუფმანი – (Angelica Kauffmann, 1741-1807) ლონდონში 1766 წელს ჩადის, სადაც კლასიცისტი მხატვრებიცა და ხელოვნების მოყვარულებიც მას დიდი ენთუზიაზმით ეგებებიან. ჯოშუა რეინოლდსთან დაახლოებულმა წრემ კი იგი მაშინათვე თავის რიგებში მიიღო. 1768 წელს ანჯელიკა კაუფმანი ერთ-ერთი იყო სამეფო აკადემიის დამფუძნებელ ორ ქალ წევრთაგან.

უკვე 15 წლის ასაკში კაუფმანი პორტრეტების შეკვეთებს იღებს; რომში ყოფნისას ხატავს ვილკენმანის პორტრეტს და ერთ-ერთ ყველაზე პოპულალურ კლასიცისტად ითვლება. რომშივე მას წმ. ლუკას აკადემიის წევრად ირჩევენ. XVIII საუკუნის მხატვარ ქალთა უმეტესობა მხატვრობის უფრო "დაბალ" - პორტრეტის, ან პეიზაჟის ჟანრში მუშაობდა, მაგრამ კაუფმანი თამამად შეუდგა ისტორიული სურათის მხატვრის დამოუკიდებელ კარიერას.

ლონდონში, სადაც იგი 1766-1781 წლებში ცხოვრობდა, მრავალ ისტორიულ სურათს ქმნის, რომელთა უმეტესობა ანტიკურ თემებზეა შესრულებული. იტალიაში დაბრუნების შემდეგ, ინგლისელი დამკვეთის დავალებით, კაუფმანმა დახატა სურათი კორნელია, რომელიც თავის განძზე, შვილებზე მიუთითებს. სურათზე ასახული ისტორია ძვ.წ. II საუკუნეს, რესპუბლიკური რომის პერიოდს განეკუთვნება. სტუმარი ქალი კორნელიას თავის სამკაულს აჩვენებს და სანაცვლოდ მასპინძელს იგივეს სთხოვს. კორნელია კი მიუთითებს რა თავის ქალიშვილსა და ორ ვაჟზე, პასუხობს: "ჩემი ყველაზე ძვირფასი სამკაულები ესენი არიან." კორნელია "კეთილი დედის" მაგალითს წარმოადგენს. ეს ის თემაა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ხელოვნების იმ მოყვარულთა შორის, რომლებიც XVIII საუკუნის ბოლოს საზოგადოებრივი და ზნეობრივი ფასეულობების წარმომჩენ კლასიკურ თემებსა და მეტაფორულ სახეებს ანიჭებდნენ უპირატესობას. კორნელიას დედობრივ თავდადებას კიდევ მეტ მნიშვნელობას სძენს ის, რომ მისი ვაჟები - ტიბერიუსი და გაიუს გრაქჰუსი, მომავალში, პოლიტიკური რეფორმატორები გახდებიან. კაუფმანი კლასიკური სიმკაცრით აგებს კომპოზიციას, მაგრამ მხატვრულ სახეს თბილი, მქრქალი განათებითა და ფიგურათა მშვიდი გრაციოზულობით არბილებს.

კლასიცისტური ისტორიული მხატვრობის მიმართ ინტერესი კაუფმანს რომში, ამერიკელ ბენჯამინ ვესთთან (Benjamin West, 1738-1820) დამეგობრებისას გაუჩნდა.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები