კერძევაძე ელდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელდარ კერძევაძე

კერძევაძე ელდარ – (1942 – 1991), პოეტი. დაიბადა სოფელ საყარაულოში (თიანეთი). 1955 წლიდან ოჯახი გადმოსახლდა თბილისში და ელდარმა 1959 წელს დაამთავრა რკინიგზის #3 საშუალო სკოლა. სწავლა ჯერ პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო (1959- 61 წწ), თუმცა მერე თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა და 1969 წელს დაამთავრა. მისი პოეტური დებიუტი 1960 წელს შედგა, ლექსების პირველი წიგნი „მწვანე ქუჩა” კი გამოსცა 1970 წელს, რომელსაც მოჰყვა კიდევ 12 პოეტური კრებული (მათ შორისაა: „სინათლის ფრთები”, „ქარის ჩრდილები”, „ისევ თქვენთან ვარ”, „მახსოვს”, „თუკი ერთმანეთს გავუფრთხილდებით”, „სიყვარულია ეხლა მთავარი” და სხვა), თარგმნიდა უცხოური პოეზიის ნიმუშებსაც (ვაჰან ტერიანი, ალექსანდრ ბლოკი, მიხაილ ლერმონტოვი...).


* * *
შოთა ჩანტლაძე მესიზმრა წუხელ –
კი არ მესიზმრა, ნამდვილად ვნახე...
თავისი წიგნი მივართვი, ვუქე,
სივრცეს გახედა მწუხარე სახით.
ლაპარაკში ვერ ავიყოლიე,
მხარზე გამხდარი შემახო ხელი.
„ახლა თბილისში გამარონია...”
თქვა და თვალებზე შევნიშნე ცრემლი.
– მშვიდობით იყავ, ჩემო ძმობილო,
ეს წიგნიც ჩემგან სახსოვრად გქონდეს...
გაშალა მიწა, როგორც ლოგინი,
და წაიფარა ვეება ლოდი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები