კულმუხო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კულმუხო

კულმუხო - (Inula helenicum L.);
ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). მეგრულად – კუმუხო, კუმუხა.

60-250 სმ მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სწორი, ზედა ნაწილში დატოტვილი. შებუსული. ქვედა ფოთლები დიდი ზომისაა, 40-50 სმ სიგრძისა და 15-25 სმ სიგანის. ფორმით – ელიფსური, ყუნწად შევიწროებული და არ თანაბარხერხკბილა. ზედა ფოთლები კვერცხისებურია, ღერომხვევი. კალათების ღერძები არათანაბარი ზომისაა, საბურვლის გარეთა ფოთლები კვერცხის ფორმისაა, შიგნითა – უფრო ვიწრო და მეწამული არშიით შემოვლებული, ენის მსგავსი ყვავილები ოქროსფერ–ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება დაბლობიდან თითქმის ტყის ზედა სარტყლამდე, ბუჩქნარებსა და ტყის პირას. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში.

კულმუხო უძველეს სამკურნალო მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება. სამკურნალო მიზნით გამოიყენება ფესურა და ფესვები. ნედლეულს აგროვებენ მცენარის სიცოცხლის მეორე წელს, ნაყოფების მომწიფების შემდგომ აგვისტო-სექტემბერში ან ადრე გაზაფხულზე, პირველი ფოთლის წარმოქმნისას; ფესურა შეიცავს ინულინს (44 %¬მდე) და სხვა პოლისახარიდებს, მწარე ნივთიერებებს, ეთერზეთებს (4,5 %-მდე), საპონინებს, ფისებს, ლორწოს, გუმფისს, მცირე რადენობის ალკალოიდებს, ჰელენინს, ფისებს, ლორწოს, დიჰიდროალანოლაქტონს, ფრიდელინს, სტიგმასტერინს, ფიტომელანს, პექტინებს, ცვილს, გუმფისს, ვიტამინ; ბალახში აღინიშნება ეთერზეთები (3%), ასკორბინის მჟავა, E ვიტამინი. კულმუხოს ბიოლოგიურად აქტიურ ძირითად ნივთიერებად ითვლება ალანტოლაქტონი და მისი თანმხლები ტერპენოიდები.

ფესურების პრეპარატები ხასიათდება ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანტისიმსივნური, ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ნაწლავების პერისტალტიკის მომადუნებელი, კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლმომარაგების გამაძლიერებელი, შარდმდენი, ნაღველმდენი, ჭრილობების შემახორცებელი, ჭიისმდენი მოქმედებით; აუმჯობესებს მადას, ამცირებს ნაწლავების პერისტალტიკას, აქვეითებს კუჭის წვენის სეკრეციას.

გამოიყენება სასუნთქი გზების ანთებების, კუჭისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ბუასილის, ეპილეპსიის, შაქრიანი დიაბეტის, არარეგულარული მენსტრუაციის დროს. ფესურიდან მიღებულია პრეპარატი – ალანტონი, რომელიც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ გამოიყენება.

სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მედიცინაში ფესურების ნაყენები და ექსტრაქტები შინაგანად იხმარება ტახიკარდიის, ეპილეპსიის, მალარიის, შეშუპების, კანისა და შარდკენჭოვანი დაავადებებისას; ნახარში - როგორც ამოსახველებელი საშუალება ყივანახველის, ბრონქიალური ასთმის დროს. თესლები ქალური დაავადებების სამკურნალოდ. ნედლი ფესვების ღვინის ნაყენს იყენებდნენ ჰიპოაციდური გასტრიტის დროს.

ი. შაბლოვსკის (1886) თანახმად, სამეგრელოში ადგილობრივი მოსახლეობა კულმუხოს ფესურას ნახარშს იყენებდა კუსკარისა და ბუასილიკარების საწინააღმდეგო ნაკრებების შემადგენლობაში, ხოლო გარეგანად ხმარობდნენ ღორის ცხიმზე დამზადებული მალამოს სახით მუნის საწინაღმდეგოდ.

უკუმაჩვენებელია თირკმელების დაავადებების, ფეხმძიმობის დროს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები