კუპრავა ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ კუპრავა

კუპრავა ოთარ − (1925 − 1997), ქართველი მთარგმნელი, მწერალი, პოეტი. დაიბადა სოფელ ძველ აბაშაში (აბაშა). 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. პირველი ლექსი 1940 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი — „ლექსები” (1946); მისი პოეტური კრებულებია: „ლექსები” (1952), „ნაცრისფერი ყაბალახი” (1966), „მგზავრული” (1976), „მაღალი მთები დაუთოვია” და სხვა. მისი რომანი „ლურჯი იების ზღაპარი” (1972) ასახავს ქართული სოფლის ცხოვრებას. ნათარგმნი აქვს ნიკოლაი ტიხონოვის, ალექსანდრ სურკოვის, ანატოლი სოფრონოვის, მუსტაფა ქარიმის, კოსტა ხეთაგუროვის, მუშნი ლასურიას და სხვათა ლექსები.


მწერალთა სახლის ჩუმი მეკარე
ამ სახლში ერთი მოხუცი მახსოვს,
გათეთრებული, ჩუმი რიფსიმე.
ისე წავიდა იმ სამოსახლოს,
მისი სიცილი ვერ მოვისმინე.
დაბადებული ის იყო თითქოს
შავი თავსაფრით და შავი კაბით,
დაბადებული ის იყო თითქოს
თავზე დაფენილ თმის თეთრი კვამლით.
თითქოს ამ სახლის იყო ნაწილი,
შეთვისებული გრანიტის კედელს,
და მოსალმება თავისი წილი
სითბოდ იკმარა სიკვდილის დღემდე.
არ გაჩენილა იგი პოეტად,
ო, მიუტევე, ცაო მაღალო!
პატიოსნების დიდი პოემა
შექმნა უკალმოდ და უქაღალდოდ
არც წაუკითხავს არასდროს წიგნი,
არც შეუხედავს ვინმესთვის ცერად.
ყველა მწერალში ეძებდა იგი
გულკეთილობას და არა მწერალს.
დაბადებული ის იყო თითქოს
შავი თავსაფრით და შავი კაბით,
დაბადებული ის იყო თითქოს
თავზე დაფენილ თმის თეთრი კვამლით.
და მოკვდა, როგორც ღამით სოსანი,
იქნებ იმ წამზე არც უნაღვლია!
დღეს, როგორც სითბო წასულ მგოსნების,
ამ კედლებს მისი სითბოც აკლია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები