ლაუშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაუშა – პატარა მთიანი სოფელია დუშეთის მუნიციპალიტეტში (ხორხის ხეობა). მდებარეობს გუდამაყრის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ხორხის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1000 მ, დუშეთიდან 29 კმ.

სახელწოდება ლაუშა, ჟინვალთან ერთად, ერთ-ერთი უძველესი გეოგრაფიული სახელია მთელს საარაგვოზე. იგი ქართულ საისტორიო წყაროებში XIII საუკუნიდან მოიხსენიება: „დავით მეფემ უბოძა გრიგოლ ჭარმაულ ჭაჭნაისშვილს შუანის-ჴევს ჟინოვანის შესავალი ლაუშა.

საფიქრებელია, რომ სოფლის სახელწოდება მომდინარეობდეს მცენარე ირმის ენის მიხედვით, რომელსაც ადგილობრივ (ფშაურად) ლაოშა ეწოდება. 79 საინტერესოა, რომ იქვე ახლოს მდებარეობს მეორე პატარა ფშაური სოფელი ხირაუშა, რომელიც ხილაუშა (– ხილ-ლაუშა) ფორმისაგან მიღებულად გვეჩვენება. სიტყვა ხილი მთის კილოებში (მთიულ., მოხეური) მოცვის სინონიმია. მაშასადამე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხირაუშა (ხილ-ლაუშა) ნიშნავს: „მოცვნარი“; „ადგილი, სადაც ხარობს მოცვი, იგივე ლაუშა (ლაოშა)“.

ხალხური (ტრადიციული) გადმოცემით ლაუშა პიროვნული სახელი ყოფილა. ადგილობრივი მთქმელის მიხედვით ამ ხეობაში მოსულან ძმები ჭუჭა და ლაუშელა. ისინი ხევსურები ყოფილან, სოფ. ლებაისკარიდან. მათი სახელების მიხედვით წარმომდგარა სოფლის ძირითადი გვარები - პაპკიაური (ჭუჭას სახელისაგან) და ბეწუაშვილი (ლაუშელას სახელისაგან).

ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულია აგრეთვე ვერსია: „სამი ძმანი წასულან სამოსახლო ადგილის შესარჩევად: ერთი ყრუ ადგილი მოსწონებიათ, მაგრამ ეს უმცროსი ძმა უარზე დამდგარა და ცალკე წასულა, იმას თურმე მთის გუმანი აქვს. ასულა მთაში და გაუკეთებია ადგილი, გაუზდია საქონელი; საძოვარი, ეგრე კიდევ ტყე და მამული ბლომად აქვს. უფროსი და შუათანა ძმა დარჩენილან ძველ ადგილას, მაგრამ ხირხატი, მიგდებული ადგილია, ქვიანი და ღორღიანი, ამიტომ ვერც მამულს მოეკიდნენ. ამდგარან მერე და წასულან უმცროსი ძმის საძებნელათ, ნამდვილ ჭკვით დაგვაჭარბა, ვნახოთ ერთი, როგორ ცხოვრობსო. მისულან და სუ მთლად გადარეულან, ავსილია იქაობა, ცხვარი, ძროხა, წლის მოსავალი…

– კარქად მოსწყობილხარო, ძმაოო, – დაულაპარაკნიათ ამ ძმებსა. – ალბათო კარქი ალაგი რამ მაგიჴელაო!

– კარქია, რა უშაო, – უთხრა ახლა უმცროსმა ძმამ. მას მერე იმ ადგილისათვის დაურქმევიათ რა უშა. აქედან წამოსულა ლაუშა“ (გოგია მაისურაძე, ს. ჟინვალი).

საინტერესოა, რომ გურიაში (ს.გოგოური, ზემოხეთის სას. ს.) დადასტურებულია მიკროტოპონიმი ლაუშნარი, რომელშიც თითქოს ზემოხსენებული სიტყვა ლაუშა||ლაოშა და მცენარეული საფარის სიმრავლე – გავრცელებულობის მიმანიშნებელი -ნარ სუფიქსი გამოიყოფა: ლაუშ-ნარ-ი, როგორც ჩანს, ტერმინი ლაუშა ძველად უფრო გავრცელებული ყოფილა.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები