მაგრანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაგრანეთი – ცნობილი სოფელი საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტში (ერწოს მხარე). მდებარეობს ერწოს ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 30 კილომეტრით.

ადგილობრივი მოსახლეობა მშობლიური სოფლის სახელწოდების წარმოშობას ნიადაგის სიმაგრეს (ქვიანობას) უკავშირებს: „ქვიანი ადგილია, მაგარი მიწაა და მაგრანეთი იმიტო დააქვივნეს“ (ა. ფეტვიაშვილი. ჩაწერ. 1973 წელს). სახელის ამგვარი ახსნა, რა თქმა უნდა, ხელოვნური და ნაძალადევია, მაშასადამე, მიუღებელიც. შეიძლებოდა ანგარიში გასწეოდა იმ ფაქტს, რომ მაგრანეთის მკვიდრთა შორის ყოფილა სოფელ მაღრანიდან (ხევსურეთი, დუშეთის რ.) გადმოსული მოსახლეობა (ალ. ჭინჭარაულის ცნობით), რომელთა მიხედვითაც სოფელს მაგრანეთი შეიძლებოდა შერქმეოდა. მაგრამ ამგვარ ვარაუდს გარკვეული სიძნელეები ეღობება წინ. საქმე ისაა, რომ ქართული საისტორიო წყაროები მაგრანეთს (ვაგრანეთს) ერწოს სოფლებს შორის X საუკუნიდან იცნობს, ხევსურთა ერწოს ველზე საცხოვრებლად ჩამოსვლა კი გვიან საუკუნეებშია მომხდარი. თანაც, თუ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა, მაშინ სოფელს მაღრანელი (მაღრან-ელ-ები) უნდა შერქმეოდა (შდრ. ღულ-ელ-ებ-ი, გუდან-ელ-ებ-ი, ხადო-ელ-ებ-ი, ხორხ-ელ-ი, სალებ-ელ-ი…), აქ კი ჩვენ ძველი გეოგრაფიული – ეთ სუფიქსი გვაქვს: მაგრან-ეთ-ი.

სახელწოდება მაგრანეთის წარმომავლობის გარკვევისათვის შეიძლებოდა გვევარაუდა ტყის აღმნიშვნელი ძველი ქართული სიტყვა მაღ–ნარი რ-ნ ბგერათა მოსალოდნელი გადასმით: მალნარი → მაღრანი → მაღრან-ეთ-ი || მაგრან-ეთ-ი. საინტერესოა, რომ ნ. კეცხოველი მაგრანეთს სწორედ მაღრანეთ-ად მოიხსენიებს. ჩანს, ისიც სახელწოდება მაგრანეთს მაღრან- სიტყვასთან კავშირში გაიაზრებდა.

ასევე ანგარიშგასაწევი გვგონია ფრინველის სახელწოდება მაღრა–ნი, რომელსაც ვახუშტი საქართველოში გავრცელებულ „ხორცის მჭამელ“ მტაცებელ ფრინველთა შორის ასახელებს: ყაჯირი, სვავი, ორბი, არწივი, შავარდენი, გავაზი… მიმინო, მარჯანი… ყორანი, მახარა, შავი ყვავი, მაღრანი, ყვავი, ბუ, ზარნაშო, წოტი… თუ ამ ვარაუდს სარწმუნოდ მივიჩნევდით, მაშინ მაგრანეთი (– მაღრან-ეთ-ი) ისეთივე წარმოების ტოპონიმად უნდა გვეცნო, როგორიცაა ბუ-ეთ-ი, კაკაბ-ეთ-ი, ქორ-ეთ-ი, ლაკლაკ-ეთ-ი… ამ შემთხვევაში მაგრანეთი უნდა გაგვეაზრებინა როგორც „მტაცებელი ფრინველით მდიდარი ადგილი“, „მხარე, სადაც ბევრია ფრინველი მაღრანი“.

დასასრულ შეიძლებოდა ყურადღება შეგვეჩერებინა ინგილოურ დიალექტში არსებულ მაგრიან- სიტყვაზეც, რომელიც ეკლიანი ბარდებითა და ბუჩქნარით დაფარულ გაუვალ ადგილს ეწოდება: „ჩონ ადგილ მაგრიანი". „ერ მაგრიანში კაცევ დამიხტნონ“… ინგილოური ენის სპეციალისტის ნ. როსტიაშვილის განმარტებითაც მაგრიანი ისეთი ადგილი ყოფილა „სადაც ჭირს გასვლა“: „მაგრიანში ნუ ზროვ” უეჭველია, რომ აქაც ეკალ-ბარდებით დაფარული, გაუვალი ადგილი იგულისხმება.

მაშასადამე, მაგრან-ეთ-ი, შესაძლებელია მაგრიან-ეთ- სიტყვისაგან მომდინარეობდეს ფუძისეული -ია- ხმოვანთა მონოფტონგიზაციის გზით.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები