მანავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანავი – სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირას, თემის ცენტრი (სოფლები: ბურდიანი). ზღვის დონიდან 750 მ, საგარეჯოდან 15 კმ.

სარჩევი

ტოპონიმი

ამ ტოპონიმის წარმოშობის შესახებ ადგილობრივ რამდენიმე გადმოცემა არის გავრცელებული. ერთი ვერსიის მიხედვით სოფელი უწინ ტბებით ყოფილა შუაზე გაყოფილი. ერთ თავადს დაუძახნია იქით ნაპირას მდგარი ხალხისათვის: მანდ ნავი თუ არის, გამოგზავნეთო!

მეორე ვერსია, მართალია, ასევე მხარს უჭერს სოფლის ტერიტორიაზე ტბების არსებობას, მაგრამ სახელწოდების წარმოშობას სულ სხვა ამბავს უკავშირებს: „აქ უწინ ყოფილა გაუვალი ჭაობიანი ადგილები და ტები. აქაურ ხალხს სახლები დადგმული ჰქონია ხის ბოძებზე, მანებზე და სოფელსაც მანავი ამიტომ დარქმევია. პაპაჩემისაგან გამიგონია, უწინ ამ ტბებში თევზს ვიჭერდით, მერე და მერე დაუშრიათ ჭაობის წყალი და ნატბეურზე სოფელი დასახლებულაო" (დათო მამიას ძე გოგუაძე, ს. მანავი).

სოფლის სახელწოდებისათვის ამოსავალი მართლაც მანა სიტყვა ჩანს, ოღონდ არა ბოძის, საყრდენი მანის, არამედ მცენარე მანას, მანეულის მნიშვნელობით. მანავი (მან-ავ-ი) წარმოების მიხედვით ისეთივეა, როგორც თელ-ავ-ი, ზან-ავ-ი, ტყვი-ავ-ი, ბოდ-ავ-ი, ფხუნდ-ავ-ი და მისთ. მცენარე მანა, მანეული უნდა იყოს ამოსავალი ტოპონიმ მარნეულისათვისაც, (ფუძეში რ- თანხმოვნის ჩართვის გზით), თუმცა მას მარან- სიტყვიდან მიღებულადაც მიიჩნევენ. საინტერესოა, რომ მცენარე მანეული ზემოიმერულ დიალექტში მარნეულ||მარნიულ-ის ფორმით არის დაცული.

ზოგიერთი სპეციალისტის ვარაუდით ტოპონიმებში -ავ სუფიქსი (მან-ავ-) თურმე საგანთა სიმრავლეს აღნიშნავს. ამის მიხედვით მანავი უნდა გავიგოთ როგორც მან-ებ-ი, მაგრამ ამ ვერსიის გაზიარება შეუძლებელია.

ისტორია

ვახუშტი ბაგრატიონი მანავის შესახებ გადმოგვცემს: „დამპალას აღმოსავლით-ჩრდილოთ არს, ჰერეთის მთის ძირს, მანავი, სადაცა აღაშენა სასახლე იმამყულიხან. მთის ძირად არს ძუელადი ციხე და აწ შემუსვრილი.

მეფე დავით II-ს (იმამ-ყულიხანს) (1709-1722) მანავში აუგია სასახლე (ქც 4: 528,19-21, 612,26). ბოდბეს მჯდარ ქიზიყის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა სადროშო ქიზიყიდან კონდოლამდე და მანავამდე (ქც 4: 542,8). 1712 წ. კახეთის მეფის ერეკლე I-ის (1688-1703) ვაჟმა თეიმურაზმა (შემდგომში თეიმურაზ II-მ, 1744-1762) ცოლად შეირთო ვახტანგ VI-ის ქალიშვილი თამარი. ქორწილი მანავში გადაუხდიათ (ქც 4: 614,1). თეიმურაზს თელავისა და მაღაროს გარდა რეზიდენცია მანავშიც ჰქონია (ქც 4: 614,32). აჯი-ჩალაბთან გამართული ბრძოლის შემდეგ, ერეკლე II-ს მანავთან ლეკები დაუმარცხებია (ორბელიანი 1981: 182). ერეკლე II-ის დროს მანავ-საგარეჯოს მიდამოები ქართველთა ჯარის შეყრის ადგილი ყოფილა (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 532). 1812 წ. კახეთის აჯანყების დროს რუსებისა და ქართველების რაზმმა აჯანყებულები მანავთან დაამარცხა (ბაგრატიონი 1983: 86)

ღირსშესანიშნაობა

მანავის ციხე დგას მაღალ მთაზე. ის ორი ნაწილისაგან შედგება. შიდა ციხეს აღმოსავლეთიდან ეკვრის რიყის ქვით კირხსნარზე ნაგები კოშკებიანი გალავანი, რომელიც სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო ფენებს შეიცავს. ზღუდის კედელს აქვს ნახევარწრიული, ზემოთ დავიწროებული კონტრფორსები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ზღუდის კედელზე შეიმჩნევა მოგვიანო აღდგენის კვალი. ციხეზე შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათა ნაშთები და სამი ეკლესია (ჩუბინაშვილი 1959: 524).

ციხის ქვემოთ ღვთისმშობლის მცირე ზომის ეკლესიაა. ნაგებია რიყისა და შირიმის ქვებით. ეკლესია შიდა სივრცის მიხედვით დარბაზული ტიპისაა, რომელზეც აგურის გუმბათი გაუმართავთ. ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის თავზე მარმარილოს ქვაზე მხედრული წარწერაა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აუშენებია 1794 წ. დავით გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ევთიმს (ბარნაველი 1962: 111, 112).

იხილე აგრეთვე

მანავის ციხე

წყარო

  1. ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი
  2. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები