მანგასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანგას-ი / მუს-ი (ყალ. Мάнгас / Мус) – ურჩხული ოირათ-ყალმუხთა მითოლოგიაში. ეპოსის მიხედვით, 75 შავი მანგასი ბაყაყის სახით იბადება საზარელი შავი დედაბრისაგან, რომელიც შხამიანი ყვითელი ზღვის ქაფისგან იშვა; უპირატესად მრავალთავიანი გველისმაგვარი ყვითელი და შავი ფერის არსებები არიან; ცხოვრობენ შუასკნელის ძნელად მისადგომ სივრცეებში (უდაბნოებში, შავ, შიშველ, ცივ, მყრალ ადგილებში), ზოგჯერ ქვესკნელშიც ჩნდებიან. გიგანტური ზომის მანგასებს აქვთ უზარმაზარი ხახა, რომელიც მიწასა და ცას შორისაა, ურჩხულის მიერ გადაყლაპულ ადამიანთა ხროვას, საქონლის ჯოგებს იტევს. ზოგჯერ ფიგურირებენ ოჯახებად, ხშირად გვხვდებიან მათი დედა ან უფროსი და, რომლებიც მგზავრთა მავნებელნი, აგრეთვე მანგასთა „გარეთა სულების“ მფარველები არიან; იშვიათად გვევლინებიან მანგასთა ცოლები და ქალიშვილები – უსაზიზღრესი ჯადოქრები, რომლებიც გმირებს თავს ესხმიან.

ყალმუხური ფოლკლორი იცნობს მრავალთავიან, ცალთვალა დემონურ პერსონაჟებს მუსების სახელწოდებით, რომლებიც თავიანთი ფუნქციით მანგასთა შესატყვისნი არიან; ზოგჯერ ფიგურირებს გიგანტური ზომის ბანჯგვლიანი ქუნ-მუსი („ადამიანი-მუსი“) – კაცის მსგავსი ბანჯგვლიანი დემონი, რომელიც მზის ჩასვლის შემდეგ გამოდის ლელქაშის ბარდებიდან და იტაცებს და ზიანს აყენებს ადამიანებს.

ყალმუხური მანგასის პარალელებია მონღოლური მოდგმის ხალხების მანგუსი / მანგად / მანგადხაი / მანგა / მანგე / მანგუძე.


ლიტერატურა

  • Калмыцкие народные сказки. Элиста, 1961;
  • Басаев Д. Э. Космогонические легенды калмыков // Вестник Адыгейского государственного университета. Серия 2: Филология и искусствоведение. Вып. № 6, 2008.
  • Неклюдов С. Ю. Мангус // Мифологический словарь. л. Ред, Е. М. Мелетинский. М., 1991;
  • Басангова Т. Г. Демонологические персонажи в фольклоре калмыков // Электронный журнал «Новое исследование тувы.» № 2-3, 2011.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები