მარგიანი რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ მარგიანი

მარგიანი რევაზ — (1916 − 1984), ქართველი პოეტი. დაიბადა სიფელ მულახში (მესტია). 1940 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1942 წელს მოხალისედ წავიდა დიდ სამამულო ომში. ომის შემდეგ იყო ჟურნალების „ოქტომბრელის”, „პიონერის”, „დროშის”, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნების” დირექტორი. 1979 წლიდან გამომცემლობა „მერანის” დირექტორი. პირველი ლექსი „მირანგულა” 1934 წელს გამოაქვეყნა, ლექსების პირველი წიგნი − 1940 წელს. გამოცემული აქვს კრებულები: „მუმლი მუხასა” (1946), „მხოლოდ ახალი” (1958), „მთანი მაღალნი” (1960), „ლილე” (1965), „გამოღვიძება” (1966), „თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან” (1975) და სხვა. მის თხზულებებში წარმოჩნდა სვანური ბუნება და მითოსი, მის პოეზიაში ფოლკლორული საწყისი მაღალ პოეტურ კულტურასთან არის შერწყმული („ამბავი რუსთაველის უშგულს მისვლისა”, „მარიხი”, „მუმლი მუხასა”). ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობასაც. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


* * *
მთის კალთაზე სახლი მედგას,
ხეც ხარობდეს ათიოდე,
იისფერად, განუწყვეტლად
ცაში კვამლი ადიოდეს.
ბუხრის პირას მუხლმორთხმული
ვით ზღაპარში, ვიჯდე მწყრალი,
ჩემზე იყოს გულმოსული
ჩემი თეთრი დედოფალი.
ბუხარივით გუზგუზებდეს −
მხიარული მქონდეს გული,
ჩემს ბავშვობას მაგონებდეს
ცოლის ტკბილი ჩონგურული.
გასაზრდელი ბიჭი მყავდეს,
გოგო მყავდეს თაფლისთვალი,
შავგვრემანი მამას ჰგავდეს,
დედას − მისი თეთრი ქალი.
დამეზარდონ სანაქებოდ
და მათ დაჰყვეთ დედის გული,
მამასავით იოცნებონ
საქართველოს სიყვარული.
მთის კალთაზე სახლი მედგას,
ხეც ხარობდეს ათიოდე,
იისფერად, განუწყვეტლად
ცაში კვამლი ადიოდეს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები