მარსელი გაბრიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაბრიელ მარსელი

მარსელი გაბრიელ - (ფრ. MARCEL GABRIEL 1889 - 1973) XX საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი.

გაბრიელ მარსელი დაიბადა 1889 წელს პარიზში. ნაადრევად დაკარგა დედა, მაგრამ მამამისმა, რომელიც სახელმწიფო მრჩეველი და ნატიფ ხელოვნებათა მინისტრი იყო, შეძლო ვაჟისთვის ბრწყინვალე განათლება და მოგზაურობის საშუალება მიეცა. სწორედ მამის ხელშეწყობით ესწრებოდა ლიტერატურულ თუ საერო სალონებს.

ახალგაზრდა მარსელი სორბონის უნივერსიტეტში იცავს დისერტაციას: „კოლდრიჯის მეტაფიზიკა და მისი თანაფარდობა შელინგის ფილოსოფიურ იდეებთან“. 1912-1913 წლებში მან დაწერა ფილოსოფიური ფრაგმენტები. დაახლოებით ამავე პერიოდს მიეკუთვნება მისი პირველი ჩანაწერები „მეტაფიზიკური დღიურისა“ („Journal Métaphysique“), რომლის გამოცემაც 1927 წლიდან დაიწყო. ამავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ავტორის ქრისტიანულ-ეგზისტენციალისტურ მსოფლმხედველობას, რამაც ასახვა ჰპოვა მის დრამატურგიულ ძიებებში.

მარსელი არასოდეს განიხილავდა თავის თეატრალურ ნაწარმოებებს, როგორც საკუთარ ფილოსოფიურ და თეორიულ მოსაზრებათა ხატოვან ილუსტრაციას. მისი აზრით, თავად თეატრის ბუნების დიალოგური ფორმა საუკეთესოდ პასუხობს „მე“-სა და „შენ“-ს შორის ურთიერთობას, რომელიც სამყაროს ონტოლოგიური სტრუქტურის საფუძველშივე ძევს. მისი შემოქმედების ამ პირველ პერიოდში დაიწერა პიესები:

  • „სხვათა გულები“ („Les Coeurs des autres“, 1921);
  • „ახალი შეხედულება“ (1922);
  • „ღვთის ადამიანი“ (1925) და სხვ

მისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა კათოლიციზმთან შემობრუნება და 1929 წელს მისი მონათვლა. მას შემდეგ დაიწერა მისი ყველაზე ცნობილი დრამები:

  • „დამსხვრეული სამყარო“ (1933);
  • „ხარბი გულები“ (1949);
  • „რომში რომი აღარ არის“ („Rome n’est plus dans Rome“, 1951).

1935 წელს გამოდის მარსელის მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ნაშრომი, ტრაქტატი „ყოფიერება (ყოფნა) და ქონა“ („Être et Avoir“), რომელშიც ის, ერთი მხრივ, უსულო სამყაროს უპირისპირებს ტექნოკრატიულ ცივილიზაციას, რომელშიც ყველაფერი მხოლოდ ქონას (ქონებას) ემყარება და, მეორე მხრივ, არსებობის „თბილ“ სამყაროს, რომელიც შინაგანად აერთიანებს ყველა ცოცხალსა და გარდაცვლილს, ადამიანთა სამყაროს, რომელიც გახსნილია ღვთიური შემწყნარებლობის მოწოდებისთვის. მარსელის აზრით, ქონა არასოდეს იძლევა საშუალებას ყოფიერებაზე ამაღლებისა, ხოლო ყოფიერება ვერასოდეს დეგრადირდება ნივთიერ-საგნობრივ ურთიერთობებამდე, ე. ი. აბსოლუტური ობიექტურობაც კი, რომლისკენაც მიისწრაფის რაციონალური ცოდნა, მიუღწეველია, ადამიანი კი ვერ დაიყვანება ფუნქციათა ჯამზე, რომელიც ახსნას ან დამკვირვებლის გაკიცხვას ექვემდებარება.

მას შემდეგ, რაც ეგზისტენციალისტური დოქტრინა უარყოფილ იქნა 1950 წლის რომის პაპის ენციკლიკაში, მარსელმა იჩქარა განეცხადებინა საკუთარი პრინციპული განსხვავება სარტრთან. ამის შემდეგ თავის კონცეფციას ნეოსოკრატიზმს უწოდებს. 1973 წლის სექტემბერში მარსელი გამოვიდა წინადადებით მიენიჭებინათ ა. სახაროვისათვის ნობელის პრემია.

იგი გარდაიცვალა პარიზში 1973 წლის ოქტომბერში.




წყარო

  • XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; 21სმ
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები