მაღლაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაღლაკი – სოფელი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: მაღლაკი, მიწაწითელი). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის მარცხენა მხარეს. ქუთაისი-ხონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 90 მეტრი, წყალტუბოდან 7 კმ.

ვრცელ ვაკე ადგილას გაშენებულია ქვემო იმერეთის ლამაზ სოფელს, ადგილობრივი ლანდშაფტისათვი შეუფერებელი სახელი – მაღლაკი – ჰქვია. გეოგრაფიულ პუნქტთა სახელებში, ჩვეულებრივ, მოცემულია რელიეფის ზუსტი დახასიათება (ორწყალი, გრძელველები, საქარა, კლდეკარი, ქვახვრელი, შუახევი, ციხისძირი, მთისძირი…), ამ შემთხვევაში კი სახელდების პრინციპი დარღვეულია – ველზე გაშენებული სოფლისათვის ხალხს მაღლაკი („მცირე მაღლობი“) შეურქმევია. ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სოფლის სახელწოდება მიგებითი შინაარსის წინადადებისაგან ყოფილა წარმომდგარი: „ხალხი აქანა დასახლებულა თამარ მეფის დროს. მაღლა ყოფილა უწინ სოფელი, იქ ნაცხოვრება. რო ჩამოსახლებულა, ძიენ გოუჭირდაყე. ერთი მონადირე ყოფილა, ცხენოსანი, შეხვდერია აქოურ კაცს, აქანა რო სახლობს, მარა ფერი აქ სახეზეთ, რავალც ყვითელი კაკია, ისთეა მოქცეული. ამან კითხა, რომეო, რავალი ადგილია, თუ იცხოვრებაო. – ვერა ვძლეფთაო, – უთხრა, – ხარივით შრომა გვაქ, მარა ჩემი ნაამაგვარი არ გამოჩთა, იქინე უფრო მძლავრი მიწა იყოვო, ჩვენთან უფრო ლაღე მიწებიაო.

– აპაო, – ახლა ამ ცხენოსანს უთქმია, – დეიხსომე ჩემი ნათქმიო, – იმისთანა დრო შეიძლება მევიდეს, ეს სოფელი ისთევლე თავის ადგილს დოუბრუნდეს. ხალხი აქანა ისისაწყლებს, ისისაწყლებს, მარა ბოლოს ისთევლე მაღლა სოფელში გადაბარგდება, მიტო რო იქინა ხაიერი კაია, მოსავალი და წყალი – სამაგალითო. – მაღლა კიო. – უთქმია, – მაღლა კი ყოვლისფერი მრავალი ქვქონდაო. მას უღმა დოუთქმევიათ ახალი სოფლიზა მაღლაკი“ (ჯანია გოცირიძე, ქ.ზესტაფონი).

სპეციალისტთა ერთი ნაწილიც თვლის, რომ მაღლაკი სოფელს მაღლობზე სახლობის გამო შერქმევია: „მართალია, ამჟამად ეს სოფელი ვაკეზეა გამლილი, მაგრამ წინათ იგი რომელიმე მახლობელ ზეგანზე თუ მაღლობზე უნდა ყოფილიყო გაშენებულიო“, – წერს ზ. ჭუმბურიძე.

ამ უკანასკნელ ხანს ცნობილი გახდა მაღლაკის კიდევ ერთი, არსებულისაგან სრულიად განსხვავებული, ეტიმოლოგია. ახალი თვალსაზრისის მიხედვით მაღლაკი ზანური წარმოშობის სახელწოდება ყოფილა. იგი დამყარებულია ღლაკ-, ღლლეკ-||ღლოკ- ზმნურ ძირებზე, რაც ნიშნავს: „მიხვეულ-მოხვეული“, „დაკლაკნილი“, „გაღუნული“, „ზიგზაგებიანი“ (მდრ. ქართ. გაღრეკილი||გადრეკილი). სამეგრელოს ტერიტორიაზე დადასტურებულიც არის ტოპონიმები მალლაკი, მაღლეკი და მაღლოკი, პირველი – ადგილის, ხოლო ბოლო ორი – მდინარეთა სახელწოდებებად გამოთქმულია თვალსაზრისი რომლის მიხედვითაც მაღლაკი თავდაპირველად ჰიდრონიმი უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი, მეტონიმიის წესის თანახმად, სოფელს შერქმევია. ასეთ „მაღლაკ“ ობიექტად მდ. გუბისწყალი (ან მისი ერთ-ერთი რომელიმე მონაკვეთი) არის ნავარაუდევი.

მოსაზრება სარწმუნო ჩანს. ვარაუდს ის ფაქტიც ამაგრებს, რომ წყალტუბოს რაიონის ტოპონიმიაში ძალზე ხელშესახებად არის წარმოჩენილი ზანურენოვანი ტოპონიმიის უძველესი ფენა, რაც ამ რეგიონში მეგრული მოსახლეობის ოდინდელ „სხდომაზე“ მიგვანიშნებს.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები