მაღრაძე გუგული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუგული მაღრაძე

მაღრაძე გუგული — Magradze Guguli, Маградзе Гугули, 1945-

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1976), დოქტორი (1993), პროფესორი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (1968), ამავე უნივერსისტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ენის სპეციალობით (1975) და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (1997). სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში (1969-1978) და საქართველო მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში (1978-1981). 1981 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია. 2000-2006 წლებში იყო სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, ხოლო 2006 წლიდან დღემდე უნივერსისტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია. პარალელურად მუშაობდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტში (პრორექტორი − 1997-2000 წწ.) და ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში (კათედრის გამგე − 1994-1997). მუშაობდა აშშ-ის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორად (2000-2001).

გ. მაღრაძე სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტია. მისი კვლევის პირველი საგანი კონფორმიზმი იყო. გ. მაღრაძემ ექსპერიმენტულად დაასაბუთა, რომ კონფორმიზმი არის ობიექტურ რეალობასთან შეგუების ფორმა; ჯგუფის მიმართ სოციალური განწყობის (შესაბამისად − ატიტუდის) ვალენტობა ამ ჯგუფის გავლენის მიღება-მიუღებლობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. ტრადიციულად სოციალური გავლენების სფერო შემოიფარგლებოდა კონფორმიზმის კვლევით, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ უმრავლესობას აქვს გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. გ. მაღრაძემ ახლებურად წარმოაჩინა სოციალური გავლენის ფენომენი: სოციალური გავლენა არის ორმხრივი პროცესი − არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ უმცირესობასაც აქვს გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. რელევანტური ექსპერიმენტული მეთოდოლოგიით მან იკვლია, თუ რა პირობებშია შესაძლებელი უმცირესობის გავლენის განხორციელება.

სოციალური გავლენის, როგორც პიროვნების მიერ სოციალურ დონეზე განხორციელებული ქცევის ფსიქოლოგიური საფუძვლის ახსნისთვის გ. მაღრაძემ ნაყოფიერად გამოიყენა დ. უზნაძისეული განწყობის თეორია, რამაც, თავის მხრივ, ახალი მონაცემებით გაამდიდრა ეს თეორიული სისტემა.

გ. მაღრაძის კვლევის მიმართულებაა აგრეთვე სოციალური „აქსიომების” (სტერეოტიპების) ეთნოკულტურული თავისებურებანი. მან მონაწილეობა მიიღო 41 ქვეყანაში ჩატარებულ ამ საკითხის კროსკულტურულ კვლევაში. ამ კვლევას მაღალი ციტირების ინდექსი აქვს საერთაშორისო პუბლიკაციებში.

1990-ანი წლებიდან გ. მაღრაძე ინტენსიურად ჩაერთო კონფლიქტების კვლევაში. ამ მიმართულებით მან მნიშვნელოვანი მეცნიერული და ორგანიზაციული აქტივობები განახორციელა. სახელდობრ, თანაავტორებთან ერთად მოამზადა და გამოსცა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო, შექმნა საუნივერსიტეტო სასწავლო კურსი კონფლიქტების ანალიზსა და მართვაში. აშშ-ს მეისონისა და დენვერის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ეს პროგრამა კიდევ უფრო დაიხვეწა და გაფართოვდა, რათა სამაგისტრო და სადოქტორო დონე მოეცვა. ფართოა გ. მაღრაძის საერთაშორისო თანმშრომლობის წრე, იგი არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ავტორია.

გუგული მაღრაძე არის 3 მოწვევის პარლამენტის წევრი:

  • (2004-2008) პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი.
  • (2012-2016) პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
  • 2016 წლიდან პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.


მთავარი ნაშრომები

  • სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა. თბილისი: „მეცნიერება”, 1988;
  • „Cultural Level Dimensions of Social Axioms and their Correlation across 41 Cultures,” co-author // Journal of Cross-Cultural Psychology, September, 2004;
  • კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა. თბილისი: გაეროს ქალთა ფონდის გამოცემა, 2005;
  • კულტურათშორის განსხვავებები სოციალური ურთიერთობების ამერიკული მოდელები, თბილისი: „თსუ გამომცემლობა”, 2005;
  • სოციალური გავლენის ფსიქოლოგია. თბილისი: „უნივერსი”, 2007;
  • ფსიქოსოციალური დახმარება კრიზისული სიტუაციების დროს. თბილისი: „უნივერსი”, 2011;
  • მედიაცია. თბილისი: „უნივერსი”, 2012.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები