მგლის კერძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მგლის კერძი − ერთი დიაცი ყოფილა ორსული. ღამე სტუმრად მისვლია ერთი კაცი და იქვე დარჩენილა დასაძინებლად. იმ ღამეს ქალს ბიჭი გაუჩენია. დედას დასძინებია, სტუმარი კი ფხიზლობდა. შუაღამისას შემოსულან სამნი. დამსხდარან კართან, ზღურბლზე, და დაუწყიათ ლაპარაკი, ამ ახალგაჩენილ ბიჭს რა ბედი დავწეროთო. ილაპარაკეს. ზოგი რა თქვეს, ზოგი – რა. ასე და ასე გაიზარდოსო, ესა და ეს გადახდეს თავსო, ასეთი და ასეთი კაცი დადგესო. ბოლოს, ერთმა იკითხა, ეს კიო და ახლა სიკვდილი როგორღა დავუწეროთო, როგორ მოკვდესო. როგორ მოკვდესო და თავის ქორწილში მგელმა შეჭამოსო, მიუგო მეორემ. ეს თქვეს, ადგნენ და წავიდნენ.

ეს ყველაფერი გაიგონა ამ სტუმარმა კაცმა და არავის არაფერი უთხრა, ოღონდ დედას კი შეეხვეწა, ეს ბავშვი მე მომანათვლინეთო. გავიდა ერთი კვირა და მოიყვანეს მღვდელი, დაუძახეს ამ კაცსაც და მონათლეს ბავშვი, როგორც წესია.

თვალ-ყურს ადევნებს ნათლია ბავშვის გაზრდას, ხედავს, მართლაც ისე იზრდება, როგორც იმ ღამეს იმ ბედის-მწერელებმა დაუწერეს. გაიზარდა. გახდა საცოლე. უთხოვეს ცოლი. ქორწილში ნათლიაც დაპატიჟეს, რაღა თქმა უნდა. ქორწილია. ნეფე-პატარძალი ერთად სხედან და ეს ნათლია არა ჯდება, ფეხზე ტრიალებს, ელოდება რაღაცას. უცბად ატყდა ჩოჩქოლი. არიქა, მგელი, მგელიო. იძრო ამ ნათლიამ ხანჯალი და ნეფისკენ წამოსულ მგელს წინ გადაუდგა, ჩასცა ხანჯალი და მოკლა. თავი მოაჭრა, ტანს მოაშორა და მერეღა დაჯდა. მერე აუხსნა ყველას, რატომ არ ჯდებოდა: მე ამ ბალღის დაბადებისას აქ ვიყავი და მესმოდა, რომ ბედმწერელთაო თავის ქორწილში მგლის შეჭმა დასწერესო და ვყარაულობდი, რომ ეს ჩემი ნათლული მგელს არ შეეჭამაო. ეს თქვა და დამშვიდდა კაცი, დაჯდა. დაშოშმინდნენ მექორწილეებიც და ქორწილი გაგრძელდა. გულისხმაში ჩავარდა ნეფე, ნეტავ რა მგელი იყო, მე რო უნდა შევეჭამეო. ვერ მოითმინა, ცოტა ხანში ადგა და გავიდა. იმ მგლის თავი და ტანი იქვე ეყარა ცალკ-ცალკე. მაშ, შენ უნდა შეგეჭამეო? იმ მგლის თავს კბილებში ფეხი მიარტყა. მიარტყა და მგლის კბილი ფეხის ცერში შეერჭო. გაუავდა ჭრილობა, გაუავდა და, ბოლოს, მოკლა კიდეც. თავის ბედისწერას მაინც ვერ ასცდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები