მეთაფლე ფუტკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Apismellifera.PNG

მეთაფლე ფუტკარი - მიეკუთვნება ფეხსახსრიანებს, მწერების კლასს, სიფრიფანაფრთიანთა რაზმს, ითვლიან 90 ათასამდე სახეობას. ამ რაზმის მწერებს უფრო სრულყოფილი აღნაგობა აქვთ: ორი წყვილი კარგად განვითარებული სიფრიფანა ფრთა, მკერდის ძლიერი მუსკულატურა, რამდენიმე გრძნობის ორგანო, მჩხვლეტავი ანუ მღრღნელ-მწუწნავი ყბის აპარატი.

განსაკუთრებულ ბიოლოგიურ ჯგუფს შეადგენენ საზოგადოებად მცხოვრები მწერები: კრაზანები, ფუტკრები, ჭიანჭველები და ტერმიტები: ამ მწერების მუშა ინდივიდები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მორფოლოგიურად და იმ ფუნქციებით, რასაც ისინი ასრულებენ. მეთაფლე ფუტკრის, ყველა მუშა ინდივიდს აქვს სხეულის ერთნაირი აღნაგობა, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრების ნაირსახეობამ გამოუმუშავა განსხვავებული შრომა და ოჯახის შიგნით რთული ურთიერთდამოკიდებულება.

სიფრიფანაფრთიანთა რაზმი იყოფა ქვერაზმებად. მეთაფლე ფუტკარი ნესტროვანთა ქვერაზმს მიეკუთვნება. ამ რაზმის მწერების კვერცხსადები გადაიქცა ნესტრად, რომელიც მშვიდ მდგომარეობაში მუცელშია შემალული, მკერდი მუცლიდან მკვეთრად გამოიყო და თავისუფლად მოძრავი გახდა. ეს განსაკუთრებულობა უზრუნველყოფს ზუსტ და ეფექტიან დანესტვრას. ნესტროვანთა ქვერაზმი ოთხი სერიისაგან შედგება ჭიანჭველები, კრაზანასნაირნი, მიწისმთხრელი კრაზანები და ფუტკრისნაირნი. ფუტკრისნაირ მწერებს ტანზე ხშირბეწვიანი საფარველი და ფართო, დანაწევრებული წინა თათი აქვთ. ფუტკრისნაირთ რამდენიმე ოჯახი მიეკუთვნება, მათ შორის ერთ მათგანს — ფუტკრების ოჯახს (Apidae) ფუტკრები და ბაზები შეადგენენ.

ბაზები

სხეულის აგებულებითა და ცხოვრების ხასიათით ბაზები - გარეული ეული ფუტკარი, მეთაფლე ფუტკართან უფრო ახლოს არიან, ვიდრე სხვა მწერები. ბაზები აგროვებენ ნექტარსა და ყვავილის მტვერს, ბარტყს ზრდიან უჯრედებში, რომლებსაც მერქნის მასისაგან აშენებენ. შემოდგომით ბაზის ოჯახი ირღვევა: მუშა ინდივიდები იღუპებიან, ხოლო განაყოფიერებული დედა მიწაში გამოიზამთრებს და გაზაფხულზე ხელახლა ქმნის ოჯახს.

ფუტკრის გვარები

ფუტკრის გვარი რამდენიმე ქვეგვარისაგან შედგება: მელიპონა, ტრიგონა და. ფუტკარი. მელიპონა პატარა მწერია, ფიჭას აშენებს მოყავისფრო ცვილისაგან, რომელსაც თვითონ გამოყოფს. ტრიგონა მწერია, ცხოვრების ხასიათით ახლოს დგას მელიპონასთან.

Apis indica.PNG

ფუტკრის გვარში სამი ქვეგვარი გამოიყოფა: მეგაპისი, მიკრაპისი და აპისიმეგაპისი ერთი სახის — ინდოეთის გიგანტური ფუტკრისაგან შედგება. ფუტკრის ამ ოჯახს ყველაზე მსხვილი ინდივიდები ჰყავს (მუშა ფუტკრის სხეულის სისქე 135, სიგრძე 15-16 მმ-ია). იგი გავრცელებულია ინდოეთში. ფუტკრის ოჯახი ხეზე აშენებს დიდ ფიჭას, რომელშიც ბარტყს ზრდის. ოჯახი თაფლს მცირე როდენობით აგროვებს და სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვს.

მიკრაპისის ქვეგვარს ყველაზე პატარა ფუტკრები მიეკუთვნებიან. მუშა ინდივიდების სხეულის სიგრძე 7–8 მმ-ია, დედა ფუტკრის — 13 მმ. ფუტკრის ოჯახი აშენებს თითო ფიჭას, რომელსაც ხეზე ამაგრებს. ეს ფუტკარიც ინდოეთშია გავრცელებული და სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვს.

აპისის (Apis) ქვეგვარი რამდენიმე სახეობისაგან შედგება, მათ რიცხვს მიეკუთვნება ორი სახეობა, რომელსაც მეფუტკრეობისათვის ძირითადი მნიშვნელობა აქვს: ინდური საშუალო ფუტკარი (Apis indica) და მეთაფლე ფუტკარი (Apis mellifera).

ინდური საშუალო ფუტკრის ოჯახი ცხოვრების ყაიდით მეთაფლე ფუტკართან ახლოს დგას. ფიჭებს ფუღუროში აშენებს. ამ ფუტკარს ღალაზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე ფრენის უნარი შესწევს, ვიდრე მეთაფლე ფუტკარს, ოჯახში ფუტკრის რაოდენობითა და თაფლის შეგროვებით კი ჩამორჩება მას. მეთაფლე ფუტკარი გავრცელებულია ყველგან. მას აშენებენ თაფლის, ცვილისა და სხვა ძვირფასი პროდუქტების მიღების მიზნით, აგრეთვე სასოფლო სამეურნეო კულტურების დასამტვერავად.


წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები