მელამპუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელამპუსი(ბერძნ.) ლეგენდარული მისანი და მკურნალი, რომელსაც მიეწერება დიონისეს კულტის დამკვიდრება საბერძნეთში.

მითოსი გვამცნობს, რომ ახალშობილი მელამპუსი დედას მზეზე დაუტოვებია. ბავშვს მხოლოდ ფეხები გაშავებია და ამიტომაც შეურქმევიათ მისთვის „შავფეხა“ (მელამპუს). სოფელში, სადაც მელამპუსი იზრდებოდა, ძველთაძველი მუხა ხარობდა, რომლის ფუღუროშიც გველები ბუდობდნენ. მსახურებმა ამოხოცესეს გველები. მელამპუსმა ისინი წესისამებრ დაწვა, მათი წიწილები კი გამოზარდა. ერთხელ ეს გველები მძინარე მელამპუსის მხარზე ასრიალდნენ და ენით ყურები გამოულოკეს. ამის შემდეგ მელამპუსს ფრინველთა და ცხოველთა ენაც ესმოდა და მომავლის წინასწარმეტყველებაც შეეძლო. მალე იგი მცენარეთა სამყაროსაც ეზიარა და საოცარი წამლების დამზადება დაიწყო.

თავისი ნიჭის წყალობით მრავალი კეთილი საქმე აღასრულა მელამპუსმა. გადმოგვცემენ, რომ ტირინსის მეფეს, პროიტოსს, სამი ასული ჰყავდა. ქალწულებმა ბაკქურ ზეიმში მონაწილეობის მიღება არ ისურვეს, რითაც განარისხეს დიდი ღვთაება დიონისე. ღმერთმა დასაჯა გოგონები იმით, რომ გონება აურია და მთებში უგზო-უკვლოდ გაფანტა. მელამპუსმა ისინიც განკურნა და ამ კუთხის სხვა ქალებიც, რომელთაც ეს სიგიჟე გადასდებოდათ. მეფე პროიტოსმა მას თავისი ასული, აფიანასა, მიათხოვა და სამეფოს მესამედიც უანდერძა.

მელამპუსსა და აფიანასას ორი შვილი ეყოლათ. მათი ჩამომავალი იყო სახელოვანი მისანი პოლიფიდესი.

მელამპუსია ქურუმთა ცნობილი მოდგმის, მელამპიდების,მამამთავარი. მას წინასწარმეტყველთა წიგნის შექმნასაც მიაწერენ მითოგრაფოსები.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები