მენიერის დაავადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მენიერის დაავადება — შიდა ყურის ამ დაავადების დამახასიათებელი ნიშნებია: კლინიკური ტრიადავერტიგო, სმენის ნეიროსენსორული დაქვეითება და ტინიტუსი;

ვერტიგოს აქვს პაროქსიზმული ხასიათი, რომელიც კრიზების სახით ვლინდება.

უმრავლეს შემთხვევაში, ეს დაავადება ცალი ყურის დაზიანებით არის გამოხატული. თუმცა, შემთხვევათა 30%-ში აღწერილია მეორე ყურის დაზიანებაც მრავალი წლის ინტერვალის შემდეგ. დაავადებულთა ასაკი უფრო ახალგაზრდაა. თუმცა, გვხვდებიან ასაკოვანი პაციენტებიც.

მენიერის დაავადება შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც. თუმცა, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზი ცერებრალურ სიმსივნეებთან, რაც მხოლოდ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით არის შესაძლებელი.

სარჩევი

სიმპტომები

ვერტიგო – ძალიან ძლიერია და უეცრად ემართება პაციენტს. მას თან სდევს ღებინების გრძნობა და წონასწორობის სერიოზული დარღვევა, რაც აიძულებს პაციენტს დაწვეს, თუმცა ის გონებას არ კარგავს. კრიზის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთიდან, რამდენიმე დღემდე შეიძლება გაგრძელდეს და მისი ინტენსივობაც ცვალებადია. შეტევის დროს ჩატარებული გასინჯვა ცხადყოფს ჰორიზონტალურ-როტაციულ ნისტაგმს დაზიანებულ ან საპირისპირო მხარეს. ამ ნისტაგმს არ აქვს კანონზომიერება და შეიძლება მიმართულება იცვალოს კრიზის განმავლობაში მრავალჯერ.

ტინიტუსი კი აუცილებლად დაზიანებული ყურის იფსილატერალურია. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ „ყურის შევსების“ და ყურში „წნევის“ გრძნობას.

სმენის დაქვეითება, როგორც წესი, დაბალი სიხშირიდან იწყება. შესაძლოა იყოს როგორც მცირე, ასევე, 60-80 დბ-იც. ასეთი დაქვეითებები განსაკუთრებით შემაწუხებელია ორმხრივი დაზიანების შემთხვევებში. სმენის დაქვეითების პროგრესირება შესაძლოა იყოს რეაქტიული და ასევე, მიმდინარეობდეს თანდათან, მრავალი წლის მანძილზე.

დაავადების მიმდინარეობა პაროქსიზმულია, ზემოხსენებული ტრიადიდან ნებისმიერი სიმპტომის პროგრესირება შეიძლება ხდებოდეს დამოუკიდებლად. ეს პროცესი შესაძლოა დროში იყოს გაწელილი. შეტევებს შორის შუალედში ხდება დაავადების რემისია. პაციენტი სრულიად თავისუფლდება ვერტიგოსა და ტინიტუსისაგან. მხოლოდ სმენის დაქვეითება არის სტაბილური, რომელსაც, კრიზების დროს, პროგრესირება ახასიათებს.

იშვიათ შემთხვევებში, პაციენტი აღნიშნავს გარკვეულ არასტაბილურობას და დეზორიენტაციას რემისიის დროსაც. ამის გამო, ზოგი პაციენტი სოციალური ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობს. თუმცა, ეს ძალიან იშვიათია. როგორც წესი, ვერტიგოს სიმპტომატიკა შეტევის შემდეგ სრულიად ქრება და პაციენტი პრაქტიკულად ჯანმრთელია შემდეგ კრიზამდე.

მენიერის დაავადების მიმდინარეობა ძალიან მრავალფეროვანია. მისი სიმპტომების აღწერილობაც სხვადასხვაგვარია. ყოველი პაციენტი თავისებურად აღწერს ჩივილებს და შეგრძნებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის შესარჩევად.

გამოხატულია კლინიკური ჩივილების მრავალფეროვნება:

— ნეიროსენსორული ტიპის იზოლირებული სმენის დაქვეითება, რომელიც აუდიომეტრიულ მრუდზე, დასაწყისში უფრო ღრმა არის, ხოლო შემდეგ სწორდება. სმენის ამგვარი დაქვეითება ზოგჯერ ფლუქტუაციურია ანუ, ჩნდება და ქრება. ხშირად მას ფლუქტუაციურ სმენის დაქვეითებას ეძახიან.
— პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო ტინიტუსით, სმენის დაქვეითების გარეშე.
— მხოლოდ პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო, კოხლეარული კლინიკის გარეშე.

აქედან გამომდინარე, ხანდახან ძალიან ძნელია ეჭვი შეიტანო ამ დაავადების და მისი კლინიკური ნიშნების ოტოგენურ ეტიოლოგიაში, რადგანაც კლინიკური ნიშნების ნუსხა არ არის კანონზომიერი და მუდმივი.

დიაგნოსტიკური სიძნელეები

მენიერის დაავადების ტიპური ფორმების დიაგნოსტიკა, როდესაც სახეზეა კლინიკური ტრიადა, დაავადების პაროქსიზმული ხასიათი და აუდიომეტრიული თავისებურებანი, არ არის ძნელი. შეტევებს შორის, ანუ რემისიების დროს, ვესტიბულომეტრიული გამოკვლევა თითქმის არაფრის მთქმელია. შესაძლოა სახეზე იყოს მცირე ჰიპორეფლექსია. ეს ნიშანი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

განვიხილოთ დიაგნოსტიკურად ძნელი შემთხვევები.

არასრული ტრიადის მქონე პაციენტები – ამ ნიშნების ჩამოყალიბება შესაძლოა მოგვიანებით მოხდეს, პირველი შეტევის შემდეგ, როდესაც ჯერ არ არის გარკვეული დაავადების რეციდიულ – პაროქსიზმული ხასიათი. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი სხვა დაავადების კლინიკა ძალიან წააგავს მენიერის მიმდინარეობას.
აკუსტიკური ნერვის ნევრინომა, რომლის დიაგნოსტიკა გამოწვეული პოტენციალებით ან მაგნიტური რეზონანსით ხდება.
ოტო-სიფილისი – რომელსაც, როგორც წესი, ორმხრივი და ძალიან აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს.
ოტოსპონგიოზი – (ოტოსკლეროზი) რომელსაც, მენიერისაგან განსხვავებით, არ ახასიათებს ნეიროსენსორული ტიპის სმენის დაქვეითება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ლაბირინთის ჰიდროფსის გამოწვევა და სიმულაცია, მენიერის დაავადების გარდა, კიდევ მრავალ სხვა დაავადებას შეუძლია.

ფიზიოპათოლოგია

ჰიდროფსის მექანიზმი

როგორც წესი, ფიზიოპათოლოგიაში გარკვევა ძალიან გვიადვილებს დაავადების გაგებას და ასევე, დიაგნოსტიკას.

ძირითადი პათოლოგიური პროცესია ლაბირინთის ჰიდროფსი, რომელიც იწვევს ლაბირინთის მთლიან გაფართოებას. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მენიერის დაავადებას თან ახლავს კოხლეარული და ვესტიბულარული კლინიკური ნიშნები. კლინიკური ნიშნების მრავალფეროვნება ლაბირინთის სხვადასხვა ნაწილის გაფართოებით აიხსნება. ლაბირინთული ჰიდროფსი, ასევე, გვხვდება სმენის ფლუქტუაციური დაქვეითებისას და თანდაყოლილი სიფილისის დროს.

მკურნალობა მიმართულია ენდოლაბირინთული ჰიპერტენზიის დასარეგულირებლად და ვერტიგოს შეგრძნების მოსახსნელად.

ქირურგიული მეთოდი გულისხმობს ენდოლიმფატიკური ჩანთის გაკვეთას, რაც წნევის დაქვეითებას იწვევს. ვერტიგოს მოსახსნელად კი შესაძლებელია ვესტიბულარული ნერვის სელექციური გადაჭრა (კოხლეარული ნაწილის შენარჩუნებით), რაც სმენის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

მკურნალობა

მენიერის დაავადების მკურნალობა ხანგრძლივია. შეიძლება ითქვას, მუდმივი. უმრავლესობა მას ფსიქო-სომატურ დაავადებას უწოდებს. ამგვარ პაციენტებს კომპლექსური მკურნალობა სჭირდებათ, რაც გულისხმობს როგორც მედიკამენტურ, ასევე ფსიქოლოგიურ დახმარებას. პაციენტის ნდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ მას ავუხსნათ თუ რა თავისებურებები ახასიათებს მენიერის დაავადებას. პაციენტს უნდა გავაგებინოთ ის ფაქტიც, რომ ქირურგიული მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა გამომდინარე მისი სირთულიდან და შესაძლო გართულებებიდან, მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მივმართოთ. ასევე, პაციენტს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თერაპიული მკურნალობა ორ მიზანს ემსახურება: პირველი, ეს არის ჰიდროფსის დაძლევა, და მეორე, ეს არის ვერტიგოს სიმპტომური მკურნალობა, რომელიც დისკომფორტს ამცირებს.

პათოგენეზის მკურნალობა ვაზოდილატატორების გამოყენებამ არ გაამართლა. ამიტომ არჩევანი გაკეთდა ბეტაჰისტინზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით არის ცნობილი.(Betaserc 24mg.) ამ პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია როგორც კრიზის, ასევე კრიზებს შორის პერიოდში. შეტევებისას, შესაძლებელია დიურიტიკების მოხმარება ან მაგნეზიუმის გამოყენება.

მკურნალობის ხანგრძლივობა 5-10 დღეა. ელემენტარული შეზღუდვები, ძირითადად, მარილის მოხმარების შემცირებას ეხება. აუცილებელია სიგარეტის და ალკოჰოლის აკრძალვა.

თავბრუსხვევის საწინააღმდეგო და სედატიური პრეპარატების გამოყენება, კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, კარგ ეფექტს იძლევა. დეპრესიულ პაციენტებთან, შესაძლებელია, დაგვჭირდეს ფსიქოლოგის კონსულტაციაც. სედატიური საშუალებებიდან შესაძლოა, გამოვიყენოთ ვალიუმი (დიაზეპამი). თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად: მცენარეული Tebokan forte, ქიმიური Betaserc 24mg.-ი. შესაძლოა ინტრავენური გადასხმაც, თუკი ვერტიგო ძალიან ძლიერია.
ქირურგიული ჩარევა ამ ტიპის მკურნალობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. ქირურგიული მკურნალობის

ტაქტიკას ვირჩევთ მრავალი გარემოების გათვალისწინებით: ვერტიგოს სიმძლავრე, მისი სიხშირე, პაციენტის ასაკი, პროფესია.

რასაკვირველია, გასათვალისწინებელია პაციენტის აზრი და თანხმობა ამ ოპერაციაზე.

ქირურგიული ჩარევის ჩვენება ხდება მხოლოდ დაავადების და პაციენტის ფსიქოლოგიის ღრმა შესწავლის შემდეგ.


NOTA BENE

ძირითადი შეცდომები:
მცდარი დიაგნოსტიკა

  • მენიერის დაავადების არევა გასტრო-ენტეროლოგიურ დაავადებაში, (აპენდიციტი, ქოლეცისტიტი);
  • მენიერის არევა შუა ყურის პათოლოგიაში;
  • მენიერის არევა ვერტებრალურ პათოლოგიაში ცერვიკალური ტკივილების გამო;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები