მერქნის ანატომიური აგებულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წიწვოვანი ჯიშის მერქნის აღნაგობა: ა - ხის ტანის განივკვეთი; ბ - საერთო ხედი; გ - მიკროსტრუქტურა; 1-მერქნის ბოჭკოები; 2-გული; 3-ნაქურთენი; 4-გულგულა; 5-ადრეული წლიური ბოჭკოები; 6-გვიანი წლიური ბოჭკოები; 7-უჯრედები-ტრაქეიდები

მერქნის ანატომიური აგებულება – ცოცხალი ხე შედგება ფესვების, ტანისა და ვარჯისაგან. ფესვები იწოვენ გრუნტიდან ტენს და უნარჩუნებენ ხეს შვეულ მდგომარეობას. ტანი ხის ძირითადი ნაწილია, რომლის აგებულებაზე და ხარისხზე დამოკიდებულია ხის სრულყოფილება, როგორც საშენი მასალის. თუ ტანი იზრდება ნორმალურად და ახლოს არის ცილინდრის ფორმასთან, მაშინ ასეთ ტანს უწოდებენ სრულმერქნოვანს. ვარჯის ტოტები, ნაყოფი და ფოთლები გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით.

ტრაქეიდის უჯრედის კედელი ფენოვანი გარსია, რომელიც შედგება თხელი პირველადი, სქელი მეორეული, შუა და შიდა ფენებისაგან.

მერქანი ანიზოტროპიული მასალაა, ანუ თვისებები სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა აქვს. ხის გადანაჭერი (განივკვეთი) შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ქერქი, ლაფანი, კამბიუმი, ნაქურთენი, გული, გულგულა. მათ გარდა გადანაჭერზე ჩანს გულგულას სხივები, ფისსავალი გზები და წლიური რგოლები. ხის ჰორიზონტალურ (ტორსულ) გადანაჭერზე ჩანს გულის ირგვლივ კონცენტრულად განლაგებული წრიული რგოლები. თითოეული ასეთი რგოლი შეესაბამება ხის ტანის სისქეში წლიურ ზრდას და მას წლიურ რგოლებს უწოდებენ. ამ რგოლების სისქე იცვლება წლოვანების, ჯიშის, ზრდის პირობებისა და ტანში ადგილმდებარეობის მიხედვით. ხის გადანაჭერზე წლიური რგოლების რაოდენობა მკაცრად შეესაბამება ხის წლოვანებას. თითოეულ წლიურ რგოლს აქვს ორი შრე: შინაგანი – უფრო განიერი და ნათელი შრე, გაზაფხულზე წარმოიშობა რბილი, ადრეული მერქნისაგან, როდესაც ხე სწრაფად იზრდება. მის უჯრედებს თხელი კედლები და ფართო სიღრუეები აქვს გარეგანი – ვიწრო მუქი შრე, რომელიც მაგარ, ნაგვიანებ მერქანს შეიცავს და ზაფხულში ჩნდება. მის უჯრედებს უფრო სქელი კედლები და ვიწრო სიღრუეები აქვს, რის გამოც მერქნის სიმტკიცე დამოკიდებულია მასში ასეთი ნაგვიანები მერქნის ფარდობით შემცველობაზე. მაგალითად, ფიჭვში ის 10-30 %-ის ფარგლებში მერყეობს.

ფიჭვის მერქნის მიკროსკოპიული აგებულების სქემა: 1-წლიური ფენა; 2-გულგულას სხივები; 3-შვეული ფისსავალი გზა; 4-ადრეული ტრაქეიდები; 5-გვიანი ტრაქეიდები; 6-შემომსაზღვრელი ფორები; 7-სხივისებრი ტრაქეიდები
ხის ტანის ჭრის სიბრტყეები: 1-განივი; 2-რადიალური; 3-ტანგენციალური

თანამედროვე კვლევებით დადგენილია, რომ ტრაქეიდის უჯრედის კედელი ფენოვანი გარსია, რომელიც შედგება თხელი პირველადი, სქელი მეორეული, შუა და შიდა ფენებისაგან. თითოეული ფენა შედგება სპირალურად განლაგებული მიკროფიბრილებისგან, რომელთა საფუძველი კრისტალური ცელულოზაა. უჯრედის კედლის შედგენლობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ლიგნინი – თუ მერქნის მაღალი სიმტკიცე გაჭიმვაზე უზრუნველყოფილია ძირითადად ცელულოზის მიკროფიბრილებით, კუმშვაზე სიმტკიცეს განაპირობებს ლი-გნინი. თუ მერქანს შევადარებთ რკინაბეტონს, დავინახავთ, რომ მერქანში არმატურის ფუნქციას ასრულებს ცელულოზა, ხოლო შემკვრელისას – ლიგნინი. იგი განთავსებულია მიკროფიბრილებს შორის და ხელს უწყობს უჯრედის კედლის გადაქცევას მერქნად. პროზენქიმული (წაგრძელებული, ბოჭკოსმაგვარი) ან პარენქიმული (მოკლე ცილინდრული, მრავალკუთხა და ა.შ.) უჯრედების ერთობლიობა მერქანში ქმნის გამტარ, მექანიკურ და სათადარიგო ქსოვილებს. წიწვოვან ჯიშებში გამტარის ფუნქციას ასრულებს მსხვილფენიანი ადრეული ტრაქეიდები, მექანიკურს კი – სქელკედლიანი გვიანი ტრაქეიდები, სათადარიგოს – პარენქიმული უჯრედები, რომლებიც ქმნიან გულგულას სხივებს ან მიჰყვებიან ფისსავალ გზებს, ზოგჯერ კი განლაგდებიან იზოლირებულად. შვეული ფისსავალი გზები დაკავშირებულია ჰორიზონტალურ ფისსავალ გზებთან, რომლებიც გადიან გულგულას სხივებში. ფოთლოვან რგოლურ-ჭურჭლებიან (მუხა) და გაბნეულჭურჭლებიან (არყის ხე) ჯიშებში გამტარის ფუნქციას ასრულებს ძირითადი ჭურჭლები, მექანიკურს – ლიბრიფორმის ბოჭკოები და ბოჭკოვანი ტრაქეიდები, სათადარიგოს – პარენქიმული უჯრედები, რომლებიც ქმნიან ჰორიზონტალურ ერთრიგა და მრავალრიგა გულგულას სხივების სისტემას. რადგან მერქანი ანიზოტროპიული მასალაა, ამიტომ ხის კონსტრუქციების დაპროექტებისა და გაანგარიშების დროს, დიდი ყურადღება ექცევა ბოჭკოების მიმართულებას. ხის ტანში არჩევენ სამ ძირითად ჭრის სიბრტყეს: 1 – განივს, ანუ ტორსულს, რომელიც გრძივი ბოჭკოების მიმართულების მართობულია; 2 – რადიალურს, რომელიც ხის ტანის პარალელურია და გადის განივკვეთის ცენტრში; 3 – ტანგენციალურს, რომელიც ხის ტანის პარალელურია, მაგრამ გადის განივკვეთის ცენტრიდან რაღაც მანძილზე.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები