მესხი კოტე დავითის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მესხი კოტე (პოლიტიკოსი)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოტე მესხი

მესხი კოტე დავითის ძე - (? - 1932) - სოციალისტ-რევოლუციონერი.

ბიოგრაფია

სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობდა სტუდენტურ მღელვარებებში. გ. ლასხიშვილთან ერთად შედიოდა რუსეთის რევოლუციურ-ხალხოსნურ ორგანიზაციაში „ახალგაზრდა ნაროდნაია ვოლია“ („ნაროდნაია ვოლიას ახალგაზრდა პარტია“), რისთვისაც თავისი თანამემამულის ანალოგიური სასჯელი ერგო: იგი ჯერ სამშობლოში ჩამოასახლეს პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, შემდეგ კი ხუთი წლით გადაასახლეს ციმბირში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1890-იან წლებში, მონაწილეობა განაგრძო რევოლუციურ-ხალხოსნურ მოძრაობაში და შედიოდა თბილისის გამგეობაში შექმნილ ფარულ ხალხოსნურ ჯგუფში. 1900-იან წლებში, ყოფილმა ხალხოსნებმა საქართველოში სცადეს რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების შექმნა, რომელშიც კ. მესხი აქტიურ მონაწილეობას იღებდა. 1906 წლის 1 იანვარს მისი რედაქტორობით გამოვიდა ესერული მიმართულების გაზეთი „პატარა გაზეთი“, რომლის სულ ოთხი ნომერი გამოვიდა. როგორც გაზეთის შინაარსიდან ჩანს, მისი რედაქტორი მტკიცე ეროვნულ პოზიციაზე იდგა და საქართველოს ავტონომიას მიიჩნევდა ქვეყნისთვის სასურველ სტატუსად. რაც შეეხება სამოქალაქო სამსახურს, კ. მესხი, როგორც ჩანს, სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის გამგეობაში; შემდეგ კი - ერთხანს, დამზღვევი საზოგადოების ინსპექტორად კავკასიაში.

რუსეთის მონარქიის დამხობის შემდეგ განაგრძობდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში მოღვაწეობას. 1917 წლის ნოემბერში შემდგარმა საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია ეროვნული საბჭოს წევრად. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აირჩიეს 15 წევრისაგან შემდგარი ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში (ესერთა პარტიისაგან).

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

რ. გრძელიძე, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორია (1910-1924). თბ., 1998.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი ‏‎ ‏‎ ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები