მინაპაკეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინაპაკეტი

მინაპაკეტისამშენებლო ნაკეთობა, რომელიც წარმოადგენს პერიმეტრზე ჩარჩოთი (მჭიდით) ჰერმეტულად შეერთებულ ორ ან მეტ მინის ფურცელს. მინებს შორის წარმოქმნილ სივრცეს ავსებენ გამომშრალი ჰაერით, რაც გამორიცხავს მათ დაორთქვლას ან კონდენსატის წარმოქმნას.

მინაპაკეტს იყენებენ შენობა-ნაგებობების შუქღიობების შესამინად (ორმაგ ჩარჩოში ორმაგი შემინვის ნაცვლად). დამზადების ხერხებისა და კონსტრუქციული თავისებურებების თვალსაზრისით მზადდება დაწებებული, ნარჩილი და შენადუღი. ნარჩილ მინაპაკეტებში განივ ჩარჩოდ გამოიყენება ტყვიის შენადნობისგან დამზადებული ლარტყა (ზოლი), რომელიც ჩაისმება მინაპაკეტის კონტურის გასწვრივ და მიერჩილება ორივე მინას მაღალ ტემპერატურაზე სარჩილავის გამოყენებით, ხოლო შენადუღ მინაპაკეტში ხდება კონტურის (კიდეების) გაცხელება მაღალ ტემპერატურაზე და შემდეგში მინის მასის ფორმირება და შედუღება. პრაქტიკაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული ორფენიანი დაწებებული მინაპაკეტი, რომელთა დასამზადებლად გამოიყენება ალუმინის ლარტყა, რომლის საშუალებითაც კონტურზე ეწებება მინები და ამგვარად მიიღება ჩაკეტილი კოლოფისმაგვარი კონსტრუქცია. ლარტყა უზრუნველყოფს მინებს შორის საჭირო დაშორებას და ნაკეთობის საერთო სიხისტეს. მინებსა და ჩარჩოს შორის წარმოქმნილი ტემპერატურული დეფორმაციები კომპენსირდება დასაწებებელი ელასტიკური მასით (ტიოკოლი) ან პლასტიკური მასტიკებით, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის ხანმედეგობას. დასაწებებლად გამოიყენება ისეთი მასალები, რომლებიც ექსპლუატაციის პირობებში ხანგრძლივად ინარჩუნებენ ელასტიკურობას, აქვთ კარგი ადჰეზიური თვისებები მინისა და ჩარჩოს მასალის მიმართ, არ ატარებენ ორთქლსა და ჰაერს და მედეგი არიან მზის სხივებისა და ტემპერატურის მიმართ. მასა უნდა იყოს დენადი და კარგად ავსებდეს ღრეჩოებს მინასა და ჩარჩოს შორის, ჰქონდეს ვულკანიზაციის თვისება და გამკვრივებისას არ გამოყოფდეს აქროლად ნივთიერებებს. ჩარჩოს ლარტყაში იყრება ტენის გამწოვი ნივთიერება (სილიკოგელი), რომელიც ლარტყის შიგა არსებული ნასვრეტებიდან უზრუნველყოფს პაკეტში მოხვედრილი ზედმეტი ტენის შთანთქმას, რაც გამოიცხავს მინაპაკეტის დაორთქვლას შიგა მხრიდან.

მინაპაკეტის დამზადების ტექნოლოგიური ციკლი შედგება შემდეგი ძირითადი ოპერაციებისაგან: მინის დაჭრა, გარეცხვა და გაშრობა; ალუმინის ლარტყის პროფილების დაჭრა და მათი ზედაპირების გასუფთავება ცხიმისაგან; ალუმინის ლარტყის დაჭრილი პროფილების გავსება სილიკოგელის ტენმშთანთქავი ფხვნილით და ჩარჩოების აწყობა პლასტმასის სპეციალური კეთხედების („კლიფსების”) გამოყენებით; პაკეტის აწყობა მინებისა და გამზადებული ალუმინის ლარტყის ჩარჩოების საშუალებით; მინაპაკეტის კონტურის შევსება ტიოკოლის ჰერმეტიკის გამოყენებით; ტიოკოლის ჰერმეტიკის ვულკანიზაცია ბუნებრივ პირობებში ან თერმოკამერაში 60°C ტემპერატურაზე. ტიოკოლის ჰერმეტიკის მომზადება წარმოებს საამქროში თეთრი (კომპონენტი A) და შავი (კომპონენტი B) მასების შერევით, თანაფარდობით 10:1. ბუ-ნებრივ პირობებში მასის გამყარებისათვის საკმარისია 2 საათი. მინაპლასტების თბოიზოლა-ცია პროპორციულ დამოკიდებულებაშია მის სისქესთან. პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება 20-24 მმ სისქის მინაპაკეტი, რომელიც შედგება ორი ფენა 4 მმ სისქის მინებისა და 12-16 მმ სისქის ალუმინის ლარტყისაგან. იშვიათად ხმარობენ 6 და 9 მმ სისქის ლარტყებსაც. პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, 20 მმ სისქის პაკეტის (მინების სისქით 4 + 4 მმ) ზედაპირის მაქსიმალური ფართობი მიზანშეწონილია არ აღემეტებოდეს 4 მ2-ს, ხოლო თუ პაკეტში ერთი ფენა მინის სისქეა 6 მმ, მაშინ – 6 მ2-ს. მინაპაკეტების ტრანსპორტირება და მონტაჟი ხდება შვეულ მდგომარეობაში სპეციალური საფენების, სტელაჟებისა და ვაკუუმური სამარჯვების გამოყენებით. ჰერმეტიზაციადარღვეული მინაპაკეტი ექსპლუატაციისათვის უვარგისია.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები