მჟაუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მჟაუნა - Rumex acetosa L.

Rumex acetosa L. – მჟაუნა
მეგრულად – მაჟაველი

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 30-70 სმ სიმაღლის ღეროთი. ფოთლები შუბისებრი ან ისრისებრია, ფესვთანური – გრძელყუნწიანია, ზედა – მჯდომარე. ორბინიანი მცენარეა. ყვავილები მოწითალო ან მწვანეა, წვეროსეულ საგველა ყვავილედად შეკრებილი. თესლი მუქი მურაა, სამწახნაგოვანი. ყვ. V-VI; ნაყ. VII-VIII.

იზრდება ნატყევარ მდელოებზე, ბუჩქნარებში, მეჩხერ ტყეებში, ბალახოვან ფერდობებზე მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. ფოთლები მჟავე გემოთი გამოირჩევა. ნედლი ფოთლებიდან ამზადებენ მწვანე მჟავე წვნიანებს, უმატებენ სალათებსა და სხვ. ამრავლებენ როგორც ფოთლოვან ბოსტნეულს.

შეიცავს მჟაუნას მჟავას, მინერალურ მარილებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინ C-ს და კაროტინს, ფენოლკარბოლმჟავებს, ფლავონოიდებს, ანტრაქინონებს.

ხასიათდება ანტიცინგური, სისხლდენის შემაჩერებელი, ანტიჰემოროიდალური, ჭრილობების შემახორცებელი, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღველმდენი, მატონიზირებელი, სიმსივნის საწინააღმდეგო, შხამსაწინააღმდეგო, ფიტონციდური მოქმედებით.

სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ალერგიული დაავადებების, ანგინის, დიზენტერიის, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან და ჰემოროიდალური კვანძებიდან სისხლდენის, სისხლნაკლებობის, ცინგის, ღრძილების ანთების, ავთვისებიანი სიმსივნეების დროს. გარეგანად ფოთლების წვენის საფენები იხმარება ქრონიკული, რთულად შეხორცებადი ჭრილობებისა და ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ. მჟაუნას წვენი ხელს უწყობს მოდუნებული ნაწლავების აღდგენას. ქართულ ხალხურ მედიცინაში ფოთოლს იყენებდნენ მუწუკების, ჩირქგროვების, ჭრილობებისა და დამწვრობის მოსაშუშებლად. მიაჩნდათ, რომ ნედლი ფოთლის ღეჭვა ხსნიდა გულისა და ღვიძლის ტკივილებს; ხმარობდნენ ასევე მადის მომგვრელად, შემკვრელად და სისხლდენის შესაჩერებლად.

უკუმაჩვენებელია კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის, მაღალი სიმჟავით მიმდინარე გასტრიტის, ნაღველკენჭოვანი, შარდკენჭოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და ნიკრისის ქარის დროს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები