მუჰამედი (ვოლტერის ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მუჰამედი“ – (ფრანგ. Le Fanatisme ou Mahomet le Prophète), ვოლტერის ტრაგედია.

„ტარტიუფი იარაღით ხელში“ – ასე დაახასიათა ვოლტერმა თავის პიესა „მაჰმუდის“ (1742) მთავარი მოქმედი გმირი. თავიდან პიესის სათაური იყო „მაჰმუდი“, მოგვიანებით ვოლტერმა სათაური შეცვალა და ტრაგედიას უწოდა „ფანატიზმი“, ქვესათაურად კი დაურთო „წინასწარმეტყველი მაჰმუდი“.

„მე გამოვსახე მაჰმუდი ფანატიკოსად, მოძალადედ, მატყუარად, კაცობრიობის მოდგმის სირცხვილად“ − წერდა ვოლტერი პიესაზე მუშაობის დროს.

პიესაში აღწერილია მაჰმუდის მიერ ქალაქ მექას დაპყრობის პერიოდი. ტრაგედიის სიუჟეტი მწერლის ფანტაზიის ნაყოფია. ალაჰის სახელს ამოფარებული სასტიკი მაჰმუდი, საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად, გადაწყვეტს ქალაქის მმართველის, ზაჰირის მოკვლას და ამ განზრახვის აღსასრულებლად აგზავნის ფანატიკოს თანამოაზრე სეიდს. სეიდი და პალმირა ზაჰირის შვილები არიან, რომლებიც ბავშვობიდან მაჰმუდთან იზრდებიან მუსლიმანური ტრადიციებით და არ იციან თავიანთი წარმომავლობა. და-ძმას ერთმანეთი შეუყვარდებათ, სასტიკი მაჰმუდი მშვიდად უყურებს დაუშვებელ ურთიერთობას და მათ წმინდა გრძნობას თავის სასარგებლოდ იყენებს. სეიდს არ ემეტება მოხუცი ზაჰირი მოსაკლავად, შინაგანი ხმა არ აძლევს ამის უფლებას, მაგრამ მოვალეობის გრძნობა საშინელი დანაშაულისკენ უბიძგებს. იგი მამის მკვლელი ხდება. მომაკვდავი ზაჰირი ბედნიერია თავისი დიდი ხნის წინ დაკაგული ქალ-ვაჟის ნახვით. სეიდი მამის მკვლელობის შემდეგ გაიგებს სიმართლეს – მივარდება მაჰმუდს, რათა იმავე ხანჯლით განგმიროს. მაგრამ მაჰმუდი მას წინასწარ წამლავს და სეიდი კვდება. ხალხს კი დააჯერებენ, რომ სეიდი ღვთის მოვლენილი სასჯელის მსხვერპლია, რადგან მან წინასწარმეტყველ მაჰმუდზე ხელი აღმართა. სასოწარკვეთილი პალმირა, რომელიც მაჰმუდს უნდა თავის ხასად აქციოს, თავს იკლავს. მაჰმუდი ამბობს: „ჩემი მეფობა დაიღუპება, თუ ადამიანები შეიმეცნებენ საკუთარ თავს“. ღმერთის თვითმარქვია მოციქული ყოველმხრივ ცდილობს, ხალხი თავისი ზეგავლენის ქვეშ მყოფოს, რისთვისაც სიცრუესა და ფანატიზმს იყენებს.

ვოლტერი ტრაგედიით აკრიტიკებს რელიგიას, იქნება ეს ქრისტიანული თუ მაჰმადიანური. ამხელს ღმერთის სახელით მოქმედ ტირანებს, რომლებიც თრგუნავენ ადამიანურ ღირსებას და მორალს. მათ აწყობთ, რომ საზოგადოება გაუნათლებელი იყოს, რათა იქცნენ ადამიანები ფანატიკოსებად და უფრო ადვილად მართონ. ამ პიესის გამო კლერიკალური წრეების დაპირისპირება გაძლიერდა, მიუხედავად იმისა, რომ ვოლტერმა, ცენზურის გათვალისწინებით, რელიგიური ფანატიზმი ქრისტიანობის მაგალითზე არ აჩვენა. რელიგიის მსახურები აღნიშნავდნენ, რომ ეს გახლდათ ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგ მიმართული სატირა, მიუხედავად იმისა, რომ გმირი მაჰმადიანია.


ნინო ქირია

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები