მცხეთის ჯვრის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცხეთის ჯვრის წარწერები – ქართული ასომთავრული დამწერლობის ერთ-ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ნიმუშები. ამოკვეთილია მცხეთის ჯვრის ტაძრის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის რელიეფებზე, ტაძრის შუაში აღმართულ ჯვრის კვარცხლბეკზე (კვარცხლბეკის შემორჩენილი ნაწილი წარწერის მოზრდილი ფრაგმენტით ამჟამად დაცულია საქართველოს მუზეუმის ლაპიდარიუმში), ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით, კუთხის ოთახში შესასვლელის ზემოთ და კედლის მოპირკეთების ცალკეულ ფილებზე. ყველა წარწერა თანადროულია და მათში მოხსენიებული ისტორიული პირების, კერძოდ, სტეფანოზ პატრიკიოსის ქართლში ერისმთავრად ყოფნის მიხედვით თარიღდება (VI-VII სს. მიჯნა, 595–605).

შინაარსის მიხედვით მცხეთის ჯვრის წარწერები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

1. საამშენებლო-ქტიტორული წარწერები: სტეფანოზ პატრიკიოსის, მისი ძმის დემეტრე უპატოსის და ძის ადარნერსე ჳიპატოსის წარწერა ჯერის „აღმართვის“ შესახებ, ამოკვეთილი კვარცხლბეკზე. მისი ტექსტი ასეთია:

„[ესე ჯ(უარ)ი ქ(რისტ)ჱსი აღ] (ემართა ს(ა)ლ(ო)ც] [ველ]ად სტეფა (ნო)ს პატრიკი [ოსი]სა, დემეტრ[ეჳპ]უეატოსისა ა [დრნ)ესე ჳპა [ტოსი]სა, სულ[თა] და ჴორცთ [ამ]ათთა მეო [ხად] და ყ(ოვ)ილისა მცე(–) (ელა)დ“ (მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა ბოღაოდან მეორე სტრიქონის პირველი, სანახევროდ მოღწეული სიტყვის წაკითხვა-აღდგენაში: [სახ]ლისა“– ა. კალანდაძე, გ. ჩუბინაშვილი, ჩ. მიქაძე, მ. თარხნიშვილი, გ: მ. ლორთქიფანიძე; „[ქართ]ლისა“ – ზ. ალექსიძე; „[მ(ო)მ(ა)ე]ლისა“ - ნ. შოშიაშვილი).

ქრისტეს მჴევლის თემესტიას წარწერა ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით კუთხის ოთახის – „საყოფელის“ აშენების შესახებ, ამოკვეთილი ამ ოთახში შესასვლელის ზემოთ, შიდა მხარეს. მისი ტექსტი ასეთია: „წყალობითა ღმრთისაჲთა და შეწევნითა ჯუარისაჲთა მე; თემესტია მჴევალმან ქრისტჱსმან აღვაშჱნე საყოფელი ესე, საჴსენებელად სულისა, თავყანისაცემად დედათა“.

2. მოსახსენებლები: სტეფანოზს ქართლის პატრიკიოსისა – „[ხა]ტო მაცხოვრისაო, სტეფანოს ქართლისა პატრიკიოსი შეიწყალე“ (ყველა. წინა გამოცემაში „ხატოს“ ნაცვლად იკითხება „ჯუარო“. რაც შეცდომაა); დემეტრე ჳპატოსისა – წმიდაო მიქაელ მთავარანგელოზო, დემეტრე ჳპატოსსა მეოხ ხვყავ“; ადრნერსე ვიპატოსის ძის ქობულისა – „წმიდაო სტეფანე, ქობული სტრატილატი შეიწყალე“.

3. გამოსახულებების განმსაზღვრელი წარწერები: მათგან მოაღწია მხოლოდ ერთმა, ძალზე დაზიანებული სახით: „ქობულ ადრნერსეს ძე“;

4 ხელოსანთა ნიშნები – ქართული ასომთავრული ანბანის ცალკეული ასოები, რომლებიც დასმულია ტაძრის მოპირკეთების სხვადასხვა ფილაზე (მათ შორის იკითხება სახელიც – „დემეტრე“).

მცხეთის ჯვრის წარწერები მნიშვნელოვანია პალეოგრაფიისათვის, როგორც ქართული დამწერლობის უტყუარად დათარიღებული ნიმუშები, და ენის ისტორიისათვის – მათში დასტურდება როგორც ხანმეტი, ისე არახანმეტი ფორმები.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ქართული წარწერების კორპუსი (ლაპიდარული წარწერები, I), ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ. 1980 (იქვე ბიბლიოგრაფია);
  • სილოგავა ვ. ჯვრის წარწერები. – ქსე, ტ. II, თბ., 1987.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები