დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამწერლობა – მეტყველების ფიქსაცია გრაფიკულ ნიშანთა სისტემების საშუალებით სამეტყველო ინფორმაციის მანძილზე გადასაცემად ან დროთა განმავლობაში შესანახად, დამწერლობაში გრაფიკული ნიშნები წარმოადგენს მეტყველების ამა თუ იმ ელემენტის (მთელი გამონათქვამის, სიტყვის, მარცვლის, ბგერის) სიმბოლოებს. დამწერლობის ისტორიაში გამოყოფენ ხუთ ძირითად საფეხურს:
1. ხატოვანს ანუ პიქტოგრაფიულს;
2. იდეოგრაფიულს;
3. სიტყვიერ-მარცვლოვანს (ლოგოგრაფიულ-სილაბურს);
4. მარცვლოვანს ანუ სილაბურს;
5. ანბანურს.
ეს ტერმინები ყოველთვის ზუსტად ვერ ასახავენ ამა თუ იმ კონკრეტული დამწერლობის ბუნებას, რადგან ზოგი მათგანი ნარევია.

დამწერლობის გრაფიკული სისტემებს წინ უსწრებდა სხვადასხვა სახის პრიმიტიული სისტემები. მაგ., საყოველთაოდ იყო გავრცელებული კლდეებზე. გამოქვაბულის კედლებზე და ა. შ. შესრულებული მხატვრობა (გეომეტრიული ფიგურები, საგანთა, ადამიანთა ან ცხოველთა გამოსახულებები და სხვ.), რომელიც ემსახურებოდა როგორც მაგიური ან რიტუალური ქმედებები ასახვას, ისე, საფიქრებელია, რაიმე სახის ინფორმაციის გადაცემასაც. კომუნიკაციური და მნემონიკური ფუნქციებით ფართოდაა გამოყენებული არაგრაფიკული საშუალებები, რომელთაგან განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ე. წ ვამპუმებმა (სხვადასხვა ფერისა და ფორმის ნიჟარების კომბინაციები) და კიპუმ (განასკვული ზონრების კომბინაციები). აღრიცხვისა და ანგარიშსწორებისათვის მთელ რიგ ხალხებში (ცენტრ. აფრიკა, აზია, ავსტრალია…) გავრცელებულია ნაჭდევებიანი ხის თხელი ფირფიტები ან ჯოხები და ა. შ.

ნაჭდევებიანი ფირფიტები (ავსტრალია).

სარჩევი

პიქტოგრაფიული დამწერლობა

პიქტოგრაფიული, ხატოვანი დამწერლობა აზრის ფიქსაციის უძველესი საშუალებაა. იგი წარმოშობით უკავშირდება პირველყოფილ სახვით ხელოვნებას, მაგრამ ჩვეულებრივი ნახატისაგან განსხვავდება გამოყენებითი ხასიათით. პიქტოგრამა აღნიშნავს კონკრეტულ საგანს, ხოლო მათი ჯგუფი – გამონათქვამის ზოგად აზრს. ამ სისტემაში არ აისახება ენის ბგერითი მხარე, ენის დანაწევრება სიტყვებად, ამდენად მისი წაკითხვა შეუძლია ნებისმიერი ენის წარმომადგენელს. თუმცა პიქტოგრაფია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო დამწერლობის განვითარების თვალსაზრისით, მას მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს დამწერლობა, (არსებობს აზრი, რომ პიქტოგრაფია საერთოდ არ შეიძლება ჩაითვალოს დამწერლობად, ფ. დე სოსიური და სხვ.) პიქტოგრაფიული ნიმუშები ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში: მესოპოტამიაში, სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ამერიკაში, ციმბირის მკვიდრ მოსახლეობაში. მას იყენებენ ცენტრალურ აფრიკისა და ავსტრალიის ტომებიც.

ინდიელთა სვლის იდეოგრაფიული გამოსახულება (ჩრდ. ამერიკა).

იდეოგრაფიული დამწერლობა

პიქტოგრაფიის შემდეგი საფეხური წარმოდგენილია იდეოგრაფიული დამწერლობით. მასში იდეოგრამა (სახვითი ელემენტი) გამოხატავს არა იმდენად საგანს, რამდენადაც უფრო ამ ნიშანთან დაკავშირებულ იდეებს – მთლიან სიტყვას გრამატიკულ ფორმაში. მაგ., წრე გამოხატავს არა მარტო მზეს, არამედ სიცხეს, სინათლეს, სიტყვას „დღე“. იდეოგრაფიულ დამწერლობაში შესაძლებელია გრაფიკული სიმბოლოების გამოყენებაც. წმინდა იდეოგრაფიული დამწერლობა ფართოდ ვერ გავრცელდა. იგი ფაქტობრივად არსებობდა როგორც გარდამავალი საფეხური პიქტოგრაფიულ და ლოგოგრაფიულ დამწერლობათა შორის. იდეოგრაფიული დამწერლობის ნიმუშები დადასტურებულია ძვ. შუმერში (ძვ. წ. III ათასწლ.) ამერიკისა და აფრიკის ზოგ ტომებთან, პოლინეზიასა და ავსტრალიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში და სხვ. ვარაუდობენ აგრეთვე, რომ იდეოგრაფიულია აღდგომის კუნძულისა და XX ს-ში შექმნილი ჩუკოტკის დამწერლობები.

ლოგოგრაფიულ-სილაბური დამწერლობა

ძველი შუმერული იდეოგრაფიული ნიშნები და მათისოლისეური ვარიანტები

ლოგოგრაფიუდლ-სილაბური ანუ სიტყვიერ-მარცვლოვანი დამწერლობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისტემაა, იგი დღესაც იხმარება (ჩინეთში). ამ დამწერლობის სისტემის საფუძველია მრავალი მნიშვნელობის მქონე იდეოგრამა, ამ უკანასკნელის კონკრეტულ სიტყვებთან დაკავშირება ხდება დეტერმინანტებითა და დამატებითი გრაფიკული ნიშნებით, რომლებიც აღნიშნავენ ბგერით ერთეულებს (განსაკუთრებით გრამატიკულ ელემენტებში). სიტყვასთან დაკავშირებულ იდეოგრაფიულ ნიშანს ლოგოგრამა ეწოდება. იმ ნიშნებისთვის, რომლებიც გამოხატავენ ბგერათა თანამიმდევრობას, ლოგოგრამები გამოიყენება, მაგრამ ისინი „რებუსის“ პრინციპით წაიკითხება. მაგ., შუმერული გინა – „მოსული“ აღნიშნულია ლოგოგრამებით – ფეხი(გი)+ ქვა(ნა), ლოგოგრამები არ გადმოსცემდნენ ყოველთვის მარცვალს. მაგ. ეგვიპტეში ისინი მხოლოდ თანხმოვნებს აღნიშნავდნენ, ხოლო აქადურში შესაძლებელი იყო მარცვლის დანაწევრება. ლოგოგრაფიულ-სილაბური დამწერლობა სათანადო სისრულით გადმოსცემდა ნებისმიერ შინაარსს, რადგან მისი საშუალებით ხერხდებოდა მეტყველების საკმაოდ ზუსტი ფიქსაცია და ტექსტის წაკითხვა. ამავე დროს, რამდენადაც პირვანდელი იდეოგრამა არ იყო უშუალოდ დაკავშირებული სიტყვის ბგერით მხარესთან, მას გამოიყენებდნენ განსხვავებული დიალექტებისა (ჩინეთში) და ენებისათვის (ძვ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში). ლოგოგრაფიულ-სილაბურ დამწერლობათაგან ცნობილია ძვ. ეგვიპტური (ძვ. წ. IV ათასწ.), შუმერული (ძვ. წ.III ათასწ. დასაწყისიდან) და მისგან განვითარებული სოლისებრი დამწერლობის სახეობანი (აქადური), პროტოელამური (იეროგლიფური, ძვ. წ. III ათასწ.), პროტოინდური (ძვ. წ. III ათასწ.), კრეტული (ძვ. წ. II ათასწ. დასაწყისიდან), ჩინური (ძვ. წ.II ათასწ.), ხეთური (ძვ. წ.II ათასწ. შუახნიდან), მაიას დამწერლობა ცენტრალურ ამერიკაში (ახ. წ. I ათასწ.). ლოგოგრაფიულ-სილაბურ დამწერლობაში ლოგოგრამებად სხვადასხვა წარმოშობის ნიშნები გამოიყენება. ისინი შეიძლება ეკუთვნოდეს ამავე დამწერლობის სისტემას ან ნასესხები იყოს სხვა ენიდან. მაგ., აქადურში ლოგოგრამებად ხშირად გამოიყენება შუმერული სიტყვების ნიშნები ან მთელი გამონათქვამები. ამგვარ ჩანაცვლებულ უცხოურ მასალას ჰეტეროგრამები ეწოდება. ჰეტეროგრამები კიდევ უფრო ართულებს დამწერლობის ისედაც რთულ სისტემას.

სილაბური დამწერლობა

სილაბური ანუ მარცვლოვანი დამწერლობა ეწოდება ისეთ სისტემას, სადაც გრაფიკული ნიშანი აღნიშნავს არა მთელ სიტყვას, არამედ მარცვალს. დღეისათვის ცნობილი სილაბური დამწერლობები ორგვარი წარმოშობისაა: ერთი ნაწილი ლოგოგრაფიულ-სილაბურ სისტემათა გამარტივების შედეგია, ხოლო მეორე მიღებულია ე. წ კონსონანტურ დამწერლობაში (რომელიც წარმოშობით სილაბურია) გახმოვანების მეორეული სისტემის შემოტანით. მარცვლოვანი დამწერლობის სისტემები განსაკუთრებით გავრცელდა ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მათგან უძველესია ქაროშთი და ბრაჰმი (ძვ. წ. III ს.ე). ქაროშთი მიღებულია არამეული დამწერლობიდან დამატებითი ნიშნების შემოღებით, იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომელიც ბრაჰმიში იყო შემუშავებული. მაგრამ თვით ბრაჰმის გენეზისი ჯერჯერობით ნათელი არ არის. ბრაჰმიდან მომდინარე სისტემები დღემდე რჩება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. ზოგი მათგანი გამოიყენება ბეჭდვისათვის. ამ მხრივ ყველაზე გავრცელებულია დევანაგარი. ეთიოპიური მარცვლოვანი დამწერლობა. ძვ. სამხრეთსემიტური კონსონანტური დამწერლობის თანდათანობითი ცვლილებების შედეგია. მისი გახმოვანების სისტემა ინდურ პრინციპს ემყარება.

ანბანური დამწერლობა

დამწერლობის ანბანური სისტემები მოიცავს ნიშნებს (ასოებს), რომლებიც აღნიშნავენ ბგერებს (ფონემებს, ალოფონებს). ამგვარ დამწერლობაში არაიშვიათად ერთი ფონემა აღინიშნება რამდენიმე ასოთი ან პირიქით (მაგ., ასო sch გერმანულში გადმოსცემს ბგერას შ, ხოლო ასო g – ფრანგულში – გ ან ჟ, ინგლისურში – გ ან ჯ ბგერებს). ანბანური დამწერლობა მომდინარეობს ძვ. სემიტური ე.წ. კონსონანტური დამწერლობიდან, რომელიც გავრცელებული იყო სირიასა და პალესტინაში. ფინიკიური დამწერლობის სათავედ ითვლება ბიბლოსის სილაბური დამწერლობა. ფინიკიურ დამწერლობაში 22 ნიშანია (ნაკლები, ვიდრე ფონემათა რაოდენობა ფინიკიურ ენაში). ხმოვანთა აღუნიშვნელობა ძვ. სემიტურ დამწერლობებში განპირობებული იყო სემიტური ენების ბუნებით, რომელშიც სიტყვის მნიშვნელობა უკავშირდება თანხმოვნებისაგან შედგენილ ძირებს, ხოლო ხმოვნები გამოიყენება გრამატიკული კატეგორიების აღსანიშნავად. ძვ. სემიტურ დამწერლობათაგან უგარითული სოლისებრი ხმარებიდან გამოვიდა ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწ. II ნახ-იდან. სამხრეთსემიტური (სამხრეთარაბული) შემორჩა ახ. წ. VII ს-მდე და დასაბამი მისცა ეთიოპურ დამწერლობას, ხოლო ფინიკიური თავისი პირვანდელი სახით საფუძელად დაედო წინააზიურ დამწერლობებსა (ხმარებიდან გამოვიდნენ ახ. წ. დასაწყისისათვის) და ბერძნულ დამწერლობას (ძვ. წ. IX ს.), რითაც საფუძველი ჩაეყარა დასავლურ ანბანურ სისტემებს: კურსივის ფორმით ფინიკიური საფუძვლად დაედო არამეულ დამწერლობას, რომელიც გავრცელდა მთელ ახლო და შუა აღმოსავლეთში და სათავე დაუდო სხვადასხვა აღმოსავლურ ანბანს. არამეული დამწერლობის სხვადასხვა სახეობა გამოიყენეს ებრაელებმა, არაბებმა, არასემიტური ხალხებიდან – პართელებმა, სოღდელებმა, ხვარაზმელებმა, სპარსელებმა, ინდოელებმა.

არამეული დამწერლობის ერთ-ერთი ორიგინალური შტოა არმაზული დამწერლობა. სოღდურისა და არამეული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობის, ნესტორიანულის, საფუძველზე ჩამოყალიბდა ცენტრალური აზიის ზოგი თურქულენოვანი ხალხის დამწერლობა – უიღურული და თურქული „რუნული“. უიღურული შემდეგ გამოიყენეს მონღოლებმა და მანჯურიელებმა (გახმოვანებულია ტიბეტური წესით). ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ბერძნული დამწერლობა, რომელშიც მრავალი სახეობა გამოიყოფა. აღსანიშნავია არქაული ბერძნული, რომელიც ძვ. წ. IX ს-იდან მოდის და ძვ. წ. V ს-მდე არსებობდა. ბერძნული არქაული დამწერლობა, ასოთა მოხაზულობით თითქმის მთლიანად ემთხვევა ფინიკიურს. წერის მიმართულება – მარჯვნიდან მარცხნივ – მოგვიანებით შეცვალა ბუსტროფედონმა (ცვალებადი მიმართულების დამწერლობა). საბოლოოდ ბერძნულში დამკვიდრდა მარცხნიდან მარჯვნივ წერა. გამოიყო დამწერლობის ორი შტო – დასავლური და აღმოსავლური. დასავლეთბერძნულმა დასაბამი მისცა ეტრუსკულ (ძე. წ. VII ს.), ლათინურ (ძვ. წ. VI ს.) და ძვ. გერმანულ რუნულს (III ს.)., ლათინური დამწერლობა სხვადასხვა ფორმით საფუძვლად დაედო ევროპის მთელ რიგ ხალხთა დამწერლობებს. აღმოსავლურბერძნულიდან (ძვ. წ. V–IV სს.) განვითარდა კლასიკური, ხოლო მოგვიანებით – ბიზანტიურ ბერძნული. უდიდესი მონაპოვარი ბერძნული დამწერლობისა იყო ხმოვანთა აღნიშვნა. მათთვის გამოიყენეს ფინიკიურის ის ასოები, რომელთა შესაბამისი თანხმოვნები ბერძნულს არ ჰქონდა. ბიზანტიურ ბერძნულის საფუძველზე IX ს-ში შეიქმნა ძვ. სლავური დამწერლობა „კირილიცა“, პარალელურად სამხრეთ-დასავლელი სლავები მცირე ხნის განმავლობაში ხმარობდნენ მეორე დამწერლობას – „გლაგოლიცას“, რომლის წარმოშობის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. X ს-იდან ოფიციალურად შემოიღეს „კირილიცა“. თანამედროვე რუსული, ბულგარული და სერბული ანბანი „კირილიციდან“ განვითარდა. რუსული გრაფიკა საფუძვლად დაედო ყოფილ საბჭოთა კავშირის მთელ რიგ ხალხთა დამწერლობებს.

გ. ახვლედიანი

ლიტერატურა

  • გამყრელიძე თ, წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა. ანბანური წერის ტიპოლოგია და წარმომავლობა, თბ., 1990.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები