მცხეთური ხელნაწერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცხეთური ხელნაწერი – ბიბლიოლოგიური ძეგლი, ქართული ბიბლიის ყველაზე სრული ხელნაწერი, შემდგენელი და რედაქტორი სულხან-საბა ორბელიანი. მცხეთური ხელნაწერი რთული შედგენილობის ტექსტია, რომელშიც ერთმანეთის გვერდითაა მოთავსებული ბიბლიის სხვადასხვა წყაროდან მომდინარე და სხვადასხვა დროს შესრულებული თარგმანები. მათი დიდი ნაწილი ბიბლიის ქართული ვერსიის უძველესი ტექსტებია (IV–V სს), შეჯერებული ბერძნული ბიბლიის ტექსტთან XI-XII სს-ში. სხვები შედარებით გვიანდელი ჩანს. ყველა მათგანს ემჩნევა არაერთგზისი შესწორებისა და რედაქციის კვალი. ტექსტოლოგიური ანალიზი ავლენს როგორც ბერძნული და სომხური, ისე სხვა, ნაწილობრივ უცნობი, წყაროების გავლენასაც.

მცხეთური ხელნაწერის ტექსტზე მუშაობისას სულხან-საბა ორბელიანი ემყარებოდა გელათის ბიბლიას, რომელიც რედაქციულად გადაუმუშავებია. ტექსტის შესწორებისა და შევსებისას იგი მეტწილად სარგებლობდა სომხური, ბიბლიის ამსტერდამული გამოცემით. თავებად და მუხლებად დაყოფაც განსხვავებულია გელათური ტექსტისაგან. მცხეთურ ხელნაწერში ჩართულია აგრეთვე ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი წინასწარმეტყველთა და ახალი აღთქმის ტექსტები, ხელნაწერი ინახება ახელმწიფო ინსტიტუტში (A 51).

ტექსტი ხუთ წიგნად გამოქვეყნდა 1981–86:
1. მოსეს ხუთწიგნეული, ისო ნავეს, მსაჯულთა, რუთის წიგნები, თბ., 1981;
2. მეფეთა I-IV, ნეშტთა I-II და ესრას I-III წიგნები, თბ., 1982;
3. ტობის, ივდითის, ესთერის, იობის წიგნები, ფსალმუნნი, იგავთა წიგნი, თბ., 1982;
4. ეკლესიასტე, სიბრძნე სოლომონისა, ქებათა ქება სოლომონისა, წინასწარმეტყველთა წიგნები – ესაია, იერემია, ბარუქი, ეზეკიელი, თბ,, 1985;
5. დანიელის, მცირე წინასწარმეტყველთა და ახალი აღთქმის წიგნები, თბ., 1986;
1999 გამოქვეყნდა მე-6 წიგნი, რომელშიც სულხან-საბა ორბელიანის მიერ შედგენილი ბიბლიური საძიებლებია შესული.

მცხეთური ხელნაწერის ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და ვრცელი გამოკვლევა დაურთო თ. დოჩანაშვილმა.

ს. სარჯველაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები