ნამოსახლარი გოხის გორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნამოსახლარი გოხის გორა - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ ფლავისმანის ჩრდილოეთით, სარწყავი არხის პირას, განმხოლოებულ გორაზე, თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის ხანით.

გორა ოვალური ფორმისაა დამხრობილია აღმოსავლრთიდან დასავლეთისკენ. ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შემოვლებული აქვს ტერასისაგან გამომყოფი თხრილი, რომლის სიგანე 40 მ-ია, სიღრმე 20 მ. გორის თხემი წარმოადგენს დიდ მოვაკებულ მოედანს (65X25 მ). ნამოსახლარზე გამოვლინდა ორი კულტურული ფენა. პირველში გვხვდება ადრინდელი ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი კერამიკული ჭურჭელი: პირგადაშლილი და მუცელგამობერილი ქოთნები, პირგადაშლილი ჯამები, რომელთა უმეტესობა სქელკეციანია. თხელკეციანი ჭურჭელი ცოტაა. კერამიკა ხასიათდება თიხის არაერთგვაროვნებით, გამომწვარია შავად და წითლად. გვხვდება ორმხრივ შავზედაპირიანი, ორმხრივ წითელზედაპირიანი, აგრეთვე წითელზედაპირიანი შავსარჩულიანი და შავზედაპირიანი წითელსარჩულიანი ჭურჭელი.

ნამოსახლარის მეორე კულტურული ფენის კერამიკული ჭურჭელი ხასიათდება თიხის ერთგვაროვნებით, გამომწვარია შავად, წითლად. ლეგაფრად. მათი კეცი პრიალაზედაპირიანია. გვხვდება დაბალყელიანი. პირგადაშლილი ქოთნები, პროფილირებულპირიანი ჯამები, დიდი და მცირე ზომის ბადიები, ბრტყელძირიანი, მრგვალი და ოვალურგანივკვეთიანი ყურების მქონე დერგები, ამოღარულქუსლიანი სასმისის ნატეხები, ჭურჭელთა უმეტესობა შემკულია ტალღისებრი, ჭდეული, სავარცხლისებრი, თევზიფხური ორნამენტით. გვხვდება პრიალა ხაზებისგან შედგენილი რომბული ბადეებიც. ჭურჭელი უმთავრესად ჩარხზეა დამზადებული. მასალა გვიანდრლი ბრინჯაოს–ადრინდდელი რკინის ხანით თარიღდება.

გორის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს, თხრილის გარეთ, ტერასაზე აღმოჩნდა ნამოსახლარი, აქაც ორი კულტურული ფენა გამოვლინდა. I ფეენის, ადრინდრლი ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი კერამიკა გამოირჩევა მრავალგვაროვნებით, გამომწვარია შავად, წითლად, ორკეციანია. გვხვდება შავზედაპირიანი წითელსარჩულიანი და წითელზედაპირიანი შავსარჩულიანი ჭურჭელუი, პირგადაშლილი ქოთნები, ჯამების ნატეხები, რომელთა შემორჩენილი ყურის ნაწილი მიერთებულია ჭურჭლის ან ჯამის პირთან.

ნამოსახლარის II ფენაში დადასტურდა ორი ლეგაფრად გამომწვარი პატარა ნატეხი. ერთი მათგანის ზედაპირი დაფარულია წვრილი ღარებით, მეორისა შემკულია თევზიფხური ორნამენტით, თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს – ადრინდელი რკინის ხანით.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები