ნიგვზისძირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიგვზისძირა

ნიგვზისძირა - (Geum Urbanum L.);
ოჯახი: ვარდისებრნი (Rosacaea).

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე 280-70 სმ. რბილი ბეწვით არის შებუსული, ღერო სწორად მდგომია, ზედა ნაწილში დატოტვილი ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ჩანგისებურ-ფრთისებური ან წყვეტილფრთისებური, დაკბილული, კენწერული სეგმენტი დიდია და რომბისებური ან უკუკვერცხისებური, 3-5-ნაკვთიანი, ღეროსეული ფოთლები მოკლეყუნწიანია, სამად გაყოფილი. ყვავილსაჯდომი შებუსულია. გვირგვინი – პატარა და ყვითელი. ყვ, ნაყ. V-VII იზრდება ბუჩქნარებში, ტყეებში, ტყისპირა ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

იზრდება ტყეებში, ტყის პირებზე, მდელოებზე, გზის პირებზე, მდინარეთა ნაპირებზე, დანაგვიანებულ ადგილებში, ბაღებში, იშვიათად ზედა სარტყლამდე.

ნორჩი ნედლი ფოთლები გამოსადეგია ვიტამინის შემცველი სალათების დასამზადებლად. ფესურა და ფესვები ხასიათდება სასიამოვნო არომატული სურნელითა და მომწარო, მწკლარტე გემოთი. იხმარება ბოსტნეულ კერძებში სანელებლის სახით; იყენებენ აგრეთვე საკონდიტრო, საკონსერვო და ლიქიორ-არყის მრეწველობაში ძვირფასი სანელებელ-არომატული მცენარეების (დარიჩინი, მიხაკი) შემცვლელად. მშრალი ფესურის ნაყენი ფორთოხლის კანთან ერთად თეთრ ღვინოს ვერმუტის გემოვნებას ანიჭებს.

სამკურნალოდ გამოიყენება ფესურა და ბალახი; ფესურა გროვდება შემოდგომით ან გაზაფხულზე ყვავილობამდე, ბალახი – გაზაფხულზე ყვავილობის დასაწყისში.

ფესურა და ფესვები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (40%), ეთერზეთებს, ევგენოლის დიდი შემცველობით, გლიკოზიდ გეინს, სახამებელს, ფისებს, მწარე ნივთიერებებს. მშრალი ფესურიდან მიიღება მურა-მოწითალო შეფერილობის, მიხაკის სურნელის ეთერზეთები, რის გამოც ამ მცენარეს „მიხაკის ფესვსაც“ უწოდებენ. ნორჩი ფოთლები შეიცავს 0,1%-ზე მეტ ასკორბინის მჟავასა და 0,05 % კაროტინს, 4%-მდე მთრიმლავ ნივთიერებებს, თესლები – 20%-მდე ცხიმოვან ზეთებს.

სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება. მას იხსენიებს ჰიპოკრატე თავის თხზულებებში. უახლოეს წარსულამდე მცენარეს ფართოდ იყენებდნენ მედიცინაში და ამ მიზნით ამრავლებდნენ კიდეც. ფესვი და ფესურა „მიხაკის ფესვის“ სახელით გამოიყენებოდა შემკვრელ საშუალებად კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას.

ნიგვზისძირა არ წარმოადგენს ფარმაკოპეის მცენარეს და ოფიცინალურ მედიცინაში არ გამოიყენება, მაგრამ ფართოდ იხმარება ხალხურ მედიცინაში როგორც ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი, ანტისეპტიკური, ჭრილობების შემახორცებელი საშუალება.

მცენარის ფესურას იყენებენ ჰომეოპატიაში და ხალხურ მედიცინაში ნახარშებისა და ნაყენების სახით როგორც შემკვრელი, ტკივილგამაყუჩებელი, მეტეორიზმის, მალარიის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ნეფრიტის, ცისტიტის, სასქესო სისტემის ზოგიერთი დაავადებების დროს; საკვებმომნელებელი სისტემის ორგანოების დაავადებებისას (ქოლეცისტიტი, გასტრიტი, კოლიტი, პანკრეატიტი), ხველების საწინააღმდეგოდ, ბრონქიტის, უხვი ნახველის, ტუბერკულოზისა და ფილტვების ანთების, ბრონქიალური ასთმისა და სურავანდის სამკურნალოდ. გარეგანად – დერმატიტების, პირის ღრუსა და ყელის გამოსავლებად, ბავშვებში ალერგიისა და რაქიტის, ღრძილებიდან სისხლდენის, სახსრებისა და კუნთების რევმატიზმის დროს.

ბალახის ან ფესვის ფხვნილით მკურნალობენ ჭრილობებსა და დამწვრობებს. მცენარის ნაყენს იყენებენ აგრეთვე როგორც სედატურ და საძილე საშუალებას. გამოიყენება აგრეთვე გველების ნაკბენის საწინააღმდეგოდ.

ნიგვზისძირას პრეპარატების მიღება არ არის რეკომენდირებული ტრომბოფლებიტით, ჰიპოტონიით, ქრონიკული შეკრულობით დავადებულთათვის, აგრეთვე ფეხმძიმე, მეძუძური ქალებისა და ბავშვებისათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები