ნიკოლეიშვილი ავთანდილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავთანდილ ნიკოლეიშვილი

ნიკოლეიშვილი ავთანდილ – (1948), ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაიბადა სოფელ გორაში (ვანი), 1966 წელს იქვე დაასრულა სკოლა. 1971 წელს დაამთავრა ქუთაისის პედინსტიტუტი ისტორია-ფილოლოგიის სპეციალობით. 1970 წლიდან მუშაობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს იყო ფაკულტეტის დეკანი, პრორექტორი, უნივერსიტეტის რექტორი (1996-2005 წწ.). წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს. არის სამეცნიერო ჟურნალ „ქართველური მემკვიდრეობის“ (ქუთაისი) პასუხისმგებელი რედაქტორი, რუსთაველის საზოგადოების იმერეთის რეგიონულ განყოფილების ხელმძღვანელი. პირველი პოეტური კრებული გამოსცა 1975 წელს, 2002 წელს დაიბეჭდა მისი მეორე წიგნიც – „გამწყრალი მუზა“. გამოქვეყნებული აქვს ქართულ პოეზიასთან დაკავშირებული ლიტერატურული ნარკვევები: „მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები“ (შვიდი ტომი), „ქართველოლოგიური ეტიუდები“ (ორი ტომი); მონოგრაფიები: „პაოლო იაშვილი“, „ტიციან ტაბიძე“, „გიორგი ლეონიძის ლირიკა” „ქართული ემიგრანტული მწერლობა” და სხვა.


* * *
დღეს სულ ერთია, რას დაგარქმევ - გუბაზს თუ წათეს,
იქნებ, არც ღირდეს, ჩალის ფასიც დაედოს გვირგვინს,
მაგრამ ვიღაცის ან რაღაცის ხომ უნდა გწამდეს,
სულში გესვენოს წმინდანივით ტკივილი იგი.
თეთრ აკლდამაზე სერაფიტას ვედრება დარჩა
და ცვივა მტვერი მარადიულ სარკოფაგიდან,
ეს შენ შემომრჩი უწმინდეს და უნაზეს ხატად
და ამ დიდ ხმაურს თუ ავიტან, შენით ავიტან.
ეს შენ ხარ რწმენა გარდაცვლილი ამაოების,
გელათი გქვია, მცხეთა გქვია, არმაზი გქვია
და თუ კვლავ მწამხარ და სათუთი მზით მაგონდები,
მისთვის, რომ სულში წარმავლობის ქარები ქრიან.
ყოვლის დასასრულს აღარ ნიშნავს სიკვდილი მაინც,
არც სულერთია, რას დაგარქმევ - გუბაზს თუ წათეს,
სანამ ცოცხლობ და ტკივილამდე განიცდი დაისს,
ქვეყნად ვიღაცის ან რაღაცის ხომ უნდა გწამდეს...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები