ნული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნული - (ლათ. nullus არავითარი) – ადიტიური ჯგუფის ელემენტი, რომელსაც გააჩნია ის თვისება, რომ a+0 = 0+a = a; ე. ი. რიცხვი, რომელთანაც შეკრებისას ნებისმიერი (ნამდვილი ან კომპლექსური) რიცხვი უცვლელი რჩება. ნული აღინიშნება სიმბოლოთი 0. ნებისმიერი რიცხვის ნამრავლი ნულზე უდრის ნულს: a·0 = 0·a = 0. თუ ორი რიცხვის ნამრავლი ნულის ტოლია, მაშინ ერთ-ერთი თანამამრავლი ნულის ტოლი იქნება (ე. ი. თუ a·b = 0, მაშინ ან a = 0, ნულზე გაყოფა შეუძლებელია. ნულის (ნულოვანი ელემენტის) ცნება განიხილება უფრო ზოგადი ბუნების ალგებრული სტრუქტურებისათვისაც (ჯგუფი, რგოლი, ველი და სხვ.).

ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ნული ნასესხებია (გადმოღებულია) ბერძნებისაგან: პტოლემეოსი რიცხვის უქონლობის დროს წერდა ასოს Ō სიტყვიდან ονδεν – „არაფერი“ სხვები ფიქრობენ, რომ ნული გადმოღებულია ინდოეთიდან. მართლაც, ინდური არითმეტიკის ერთ-ერთი დამსახურებაა ათობითი ნული. უძველესი ჩანაწერი ნულით (ინდოეთში) მიეკუთვნება 876 წელს, ხოლო კამბოჯასა და ინდონეზიაში აღმოჩენილია VII ს-ის ჩანაწერები, სადაც ნული გამოსახულია წერტილისა და პატარა წრის საშუალებით – ʘ. პირველად ნულს უწოდებდნენ სიტყვას „ციფრი“ (ამ ჩვევამ იარსება XIX ს-მდე). ტერმინი nulla figura- „არავითარი ნიშანი“ – გამოჩნდა ლათინური თარგმანების ხელნაწერებში და XII ს-ის არაბული ნაშრომების დამუშავებისას. ტერმინი nulla გვხვდება შუკეს ხელნაწერებში (1484) და პირველ ნაბეჭდ არითმეტიკაში (1478). ჯერ კიდევ XV ს-მდე ნულს რიცხვად არა თვლიდნენ. მაგალითად, დიოფანტე (III ს.), ისევე, როგორც შუა საუკუნეების მათემატიკოსები, ნულს განტოლების ფესვად არა თვლიდნენ. როგორც ჩანს, ჟირარმა პირველმა ცნო ნული განტოლების ფესვად (1629) და, მაშასადამე, რიცხვად. მხოლოდ კოორდინატთა მეთოდის შემოღების შემდეგ (XVII ს.) ნული ისეთსავე როლს ასრულებს, როგორც დანარჩენი დადებითი და უარყოფითი რიცხვები; ყველა ისინი გამოისახებიან რიცხვითი ღერძის წერტილებით. თუმცა შემდგომში (1697) ვალისი აცხადებს: „ნული არ არის რიცხვი“ ნატურალურ რიცხვთა რიგს ნული მიაკუთვნა ეილერმა („უნივერსალური არითმეტიკა“, 1768).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები