ოდიშარია გურამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურამ ოდიშარია

ოდიშარია გურამ − (1951), ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი. დაიბადა სოხუმში. 1975 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ „რიწის” მთავარ რედაქტორად, გამომცემლობა „მერანის” აფხაზეთის ფილიალის დირექტორად. 1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. არის 9 პოეტური კრებულისა და 5 პროზაული წიგნის ავტორი. 2012-2014 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „საგალობლები შენთვის” (1978), „მშვიდობა სახლსა ამას” (1982), „უნებლიე ვედრებანი” (1984), „წვიმის გამოხმობა” (1984), „შვიდი სურათი ბავშვისათვის” (1986), „შუაღამის ხე” (1990), „ზღვის გასაღები” (1991), „სონატა სოხუმზე და შენზე” (1994).


იელვე კაცში
იელვე კაცში, სინანულო, და
გაახევე გზაზე,
მერე წარსულში გადახიზნე,
ქარქუხილს მიეც ფოთლად.
შემისმინე მე, მდინარეო, და
განუდექი მას, მწყურვალს,
წვიმებით აღარ წაშალო, ცაო,
მისი ღვართქაფი გვალვის.
შენია იგი, სიყვარულო, და
აღარ გაიკარო ახლოს,
შენი სიმღერები აგალობე,
მარად აძებნინე თავი.
ცოდვაა იგი, იასამანო, და
მოანატრე ზეცა,
სევდის თვალები მოალანდე –
შენი სიმშვიდით სავსე.
ისევ მიხედე მარტოსულს, დედაო, და –
მიუმატე ის ზღვის ჟამს,
ცრემლთა ბებერი მოსავალი
ისევ დაადინე ღაწვზე.
ასე თუ იხსნით მას, ჩვენებურებო, და
ასე გამოგლიჯავთ კივილს,
რომელიც მიწის ტოლია, იავ, და
დარი მომაკვდავ ბალღის.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები