ოლიმპიური დროშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპიური დროშა

ოლიმპიური დროშა - საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. ოლიმპიური დროშას ქმნის თეთრ ქსოვილზე დატანილი ოლიმპიური სიმბოლო - 5 ოლიმპიური რგოლი. ბარონ პიერ დე კუბერტენის მიერ შემუშავებული დროშის იდეა და პროექტი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1913 წელს განიხილა. პირველად კი ალამი 1914 წელს პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, თანამედროვეობის ოლიმპიური მოძრაობის 20 წლის აღსანიშნავ კონგრესზე გამოფინეს. ოფიციალური ოლიმპიური დროშის პირველი ვარიანტი 1914 წელს პარიზში, სახელოსნო „ბონ-მარშეში“ დამზადდა. 3х2 მეტრის თეთრი ატლასის ოქროსფერი არშიით გაწყობილ ქსოვილზე დატანილი იყო ოლიმპიური ემბლემა - 5 გადაჭდობილი რგოლი.

ოლიმპიური დროშა პირველად 1920 წელს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, ზაფხულის VII ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე აღიმართა. ანტვერპენის თამაშებზე პირველად მოეწყო მომდევნო თამაშების დედაქალაქისათვის ოფიციალური ოლიმპიური დროშის გადაცემის ცერემონიაც. ზამთრის ოლიმპიადების ოფიციალური დროშის პრეზენტაცია კი 1952 წელს ოსლოში, რიგით VI თეთრ ოლიმპიადაზე შედგა.

ანტვერპენის თამაშებზე ოლიმპიური დროშის პირველივე გამოჩენას ერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება. თამაშების მიწურულს ოლიმპიური დროშა გაქრა და ორგანიზატორებს ოლიმპიურ სტადიონზე ახალი დროშის აღმართვა მოუწიათ. მხოლოდ 1997 წელს გამოტყდა წყალშიხტომაში ანტვერპენის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ამერიკელი ჰელ ჰეიგ პრისტი, რომ დროშა მან მოიპარა. როცა დიდი ხნის წინ მიტაცებულ რელიქვიას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ხუან ანტონიო სამარანჩს უბრუნებდა, 100 წელს გადაცილებულ ამერიკელს უთქვამს - „ეს დროშა უკვე აღარაფერში მჭირდება!“

ანტვერპენის დროშა 1988 წელს, სეულის ოლიმპიადაზე ახალი დროშით შეიცვალა, სეულის დროშა კი 2016 წელს რიო დეჟანეიროს დროშამ ჩაანაცვლა.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები