ოსტროვსკი ვაცლავ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოსტროვსკი ვაცლავ ვიქტორის ძე - (1.IX.1870, ვარშავა - 1944 (?), ვარშავა) - პოლონელი დიპლომატი და ინჟინერი.

ბიოგრაფია

საშუალო განათლება ვარშავის გიმნაზიაში მიიღო. სწავლობდა ციურიხის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მოგვიანებით დაამთავრა მიუნხენის პოლიტექნიკური სასწავლებელი. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა გერმანიის რკინიგზაში ინჟინრად. მონაწილეობდა სარკინიგზო ხაზების მშენებლობაში. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა რუსეთის არმიის შემადგენლობაში.

1918 დაინიშნა ჯერ სარენეგატო საბჭოს, ხოლო შემდეგ პოლონეთის რესპუბლიკის წარმომადგენლად საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. პოლონეთი, როგორც ყოფილი რუსეთის იმპერიის ნაწილი და ახლად გამოცხადებული დამოუკიდებელი სახელმწიფო, უთანაგრძნობდა საქართველოს და მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას, თუმცა იძულებული იყო მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებამდე მყარი ნაბიჯები არ გადაედგა. ვ. ოსტროვკი, როგორც პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი, თბილისში მყოფ სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა ოფიციალურ ღონისძიებებში. 1919 წლის 12 მარტს დაესწრო დამფუძნებელი კრების პირველ სხდომას. 1920 წლის მარტში გორში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 10 000 მანეთი შესწირა, ო. უორდროპთან და სხვა დიპლომატებთან ერთად მოინახულა განადგურებული ქალაქი. 1920 წლის მარტში პოლონეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პატეკმა, ევგენი გეგეჭკორს მისწერა წერილი, რომლითაც გამოხატავდა სრულ მხარდაჭერას საქართველოსადმი, ამასთან პოლონეთის მთავრობა დიპლომატ ტიტუს ფილიპოვიჩს ნიშნავდა ამიერკავკასიაში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელად, მისიაში ასევე შევიდოდა თბილისში მყოფი პოლონეთის წარმომადგენელი ვ. ოსტროვსკიც.

1921-1922 წლებში მუშაობდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1922-1936 წლებშიში იყო პოლონეთ-საფრანგეთის სავაჭრო პალატის დირექტორი და პოლონეთ-საფრანგეთის საზოგადოების მდივანი. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, იყო უცხოური პრესის კორესპონდენტი პოლონეთში.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №57, №260, 1920, №49, №66, №67, №76.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები