პრიბრამი კარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ პრიბრამი

პრიბრამი კარლ - Pribram Karl, Прибрам Карл, 1919-2015

ამერიკელი ნეიროქირურგი, ნეიროფიზიოლოგი და ფსიქოლოგი. აშშ-ს ერთერთი წამყვანი ნეიროფსიქოლოგი. დაამთავრა ჩიკაგოს უნივერსიტეტი. იყო იელის, სტენფორდის და ჯოტჯთაუნის უნივერსიტეტების პროფესორი. ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საერთაშორისო ნეიროფსიქოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი. მიღებული აქვს პოლ კოხის სახელობის АРА-ს ჯილდო. იკვლევდა ტვინის, ქცევის და ცნობიერების ურთიერთობის პრობლემის სხვადასხვა ასპექტებს. შეიმუშავა ტვინის ჰოლოგრაფიული მოქმედების კონცეფცია.

წიგნში „ქცევის გეგმები და სტრუქტურები” (1960), ჯ. მილერთან და იუჯინ გალანტერთან ერთად, წარმოადგინა კიბერნეტიკულ მეტაფორებზე დაფუძნებული ქცევის მოდელი. ის, არსებითად, ნეობიჰევიორისტულ თეორიებს ჩაენაცვლა. ფსიქოლოგიის ისტორიკოსები მას ზოგჯერ კოგნიტივისტურ ბიჰევიორიზმსაც უწოდებენ. ეს კონცეფცია ემასახურება იმის გარკვევას, თუ როგორ შეიძლება შეივსოს ვაკუუმი შემეცნებასა და ქცევას შორის. მასში ცნობიერების/გონების (შემეცნებითი სტრუქტურების, კოგნიციების) ორი ერთეული გამოიყოფა - „გეგმა” და „ხატი”. ქცევა მათი ურთიერთობის შედეგია. პრობლემა, თუ როგორ აღმოცენდება ქცევა გეგმიდან და ხატიდან, წითელ ზოლად გასდევს მთელ ნაშრომს. „გეგმა - ეს არის ორგანიზმში მიმდინარე იერარქიული სტრუქტურის მქონე ყოველგვარი პროცესი, რომელსაც უნარი შესწევს გააკონტროლოს ოპერაციების რაიმე თანმიმდევრობის წესრიგი”. ის მოიაზრება, როგორც გამოთვლითი მანქანის პროგრამის ანალოგი. „ხატი - ესაა ორგანიზმის მიერ დაგროვილი და ორგანიზებული მთელი ცოდნა საკუთარი თავისა და იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც იგი არსებობს”, და შეიცავს ყველაფერს, რაც ორგანიზმმა შეიძინა - შეფასებებს, ცნებებს, დამოკიდებულებებს და სხვა.

ცნობიერების, კოგნიციის ეს ერთეულები, როგორც წესი, მჭიდროდ ურთიერთობენ; უფრო მეტიც, ისინი გულისხმობენ ერთმანეთს. ქცევის ანალიზის ერთეულად წარმოდგენილია უკუკავშირის პრინციპზე დაფუძნებული ელემენტარული აქტი, რომელიც T-O-T-E ნიშნითაა აღნიშნული; T (test) - ცდა, O (operate) - ოპერაცია, E (exit) - გამოსავალი. ქცევაში T-O-T-E ბლოკები იერარქიულ წყებას ქმნის. ხდება ამ ბლოკების ინტეგრაციაც უფრო რთულ სისტემებში (კომპლექსურ გეგმებში), რაც იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ T-O-T-E სისტემა მიესადაგოს არა მარტო ერთეულ მოქმედებას, არამედ იერარქიულად ორაგანიზებული აქტივობის რთულ ნიმუშებს. გეგმის რეალიზაციის კონტროლი უკუკავშირის მექანიზმის სახით განიხილება.

T-O-T-E მოდელი, უფსიქიკო ბიჰევიორიზმთან შედარებით, წინ გადადგმული ნაბიჯია კოგნიტივისტური ფსიქოლოგიისკენ. მაგრამ ის არაა სრულყოფილი. თავი რომ დავანებოთ ქცევის უშუალოდ ცნობიერებიდან/კოგნიციიდან გამოყვანის უმართებულობას (უგულებელყოფილია არაცნობიერი და ზოგადად - შუალობის პოსტულატი), მასში არაა გათვალისწინებული ქცევის უმნიშვნელოვანესი ასპექტი - მოტივაციური. მოცემული მოდელი მხოლოდ მოქმედების რაგვარობის განსაზღვრას, ანუ ქცევის ოპერაციულ მხარეს ეხება. თანაც მთავარი ცნებები „გეგმა” და „ხატი” მეტისმეტად ფართო და ბუნდოვანია.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები