პროლეტარი (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროლეტარი - (1919) - ყოველკვირეული სოციალ-დემოკრატიული მუშათა ჟურნალი, ჟურ. „პირველი ნაბიჯის“ გაგრძელება. გამოიცემოდა თბილისში. იბეჭდებოდა ვ. რუხაძის სტამბაში. გამოცემას ხელს აწერს სარედაქციო კოლეგია.

პირველ ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია „რედაქციისაგან”, რომელშიც საუბარია ჟურნალის დანიშნულებაზე, მიზნებსა და ამოცანებზე. მასში აღნიშნულია, რომ გამოცემის მიზანია „ცხოვრების ყოველგვარ საჭირბოროტო კითხვების“ გაშუქება „ინტერნაციონალ მარქსისტულ კლასთა ბრძოლის თვალსაზრისით“. ამავე ნომერში „მუშა-დოპოელის” ფსევდონიმით იბეჭდება წერილი„მუშათა ჟურნალს „პროლეტარს”, რომელშიც ავტორი მომავლის რწმენას გამოხატავს ჟურნალის გამოსვლის გამო: „მუშების შემოქმედებითი გონების ამუშავება და მათი სამწერლო მოძრაობაში ჩართვა, კულტურულ სარბიელზე გამოსვლა, მუშათა კლასის შემდგომი განვითარების ხელის შეწყობაა“.

გამოცემა დიდ ადგილს უთმობს თანამედროვე პოლიტიკური მდგომარეობის ასახვასა და განსჯას. მაგ., პირველ ნომერში „მუშა-ანერის” ფსევდონიმით გამოქვეყნებულ სტატიაში „მსოფლიო ომის დასასრული და მომავლის პერსპექტივა“ საუბარია მსოფლიო ომის მიზეზებსა და შედეგებზე, მეორე ნომერში დაბეჭდილ მეთაურ სტატიაში „საითკენ მივყავართ დღევანდელ მდგომარეობას?“ აღწერილია ქვეყნის ირგვლივ შექმნილი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, რომელსაც დაღუპვამდე შეეძლო ქვეყნის მიყვანა.

პოლიტიკური საკითხების გარდა, ჟურნალი ეკონომიკურ და სოციალურ თემებსაც ეხება. მაგ., სტატია „მუშის შენიშვნებში“ საუბარია ქვეყანაზე თავსდატეხილ კრიზისზე. ჟურნალი ასევე ინტერესდება უცხოეთის ამბებით, მაგ., მ. ცეკვაშვილის „ინტერნაციონალის დღიური“ (ფურცლები საერთაშორისო მოძრაობიდან); ამავე ნომერში „მ. ცელის” ფსევდონიმით გამოქვეყნებულია სტატია „საერთაშორისო მდგომარეობა და საქართველო“, მ. ცეკვაშვილის „ბერნი და მოსკოვი“. ჟურნალის სამივე ნომრის პირველ გვერდზე დაბეჭდილია ფოტოები ე. წ. „ხაშურის გმირებისა“, რომლებიც სომხეთთან ომში დაიღუპნენ. ფსევდონიმით „პროლეტარი“ ჟურნალის პირველ და მეორე ნომრებში იბეჭდება სტატია „საქართ. დამფუძნებელი კრების გარშემო“. ავტორის აზრით, დამფუძნებელი კრება გადალახავს დაბრკოლებებს და თავის მისიას შეასრულებს. გამოცემა კულტურას და ხელოვნებასაც წარმოაჩენს. მაგ., მ. თურდოსპირელი სტატიაში „ხელოვნება და საზოგადოებრიობა“ პოლონელი პოეტის, ვლადისლავ ოსკარის, შემოქმედების მაგალითზე საუბრობს საზოგადოებაში ხელოვნების როლსა და დანიშნულებაზე, ჟურნალში გამოქვეყნებული „ობოლი მუშის“, დ. მეჩონგურის, ვ. რუხაძის, ვ. მიქაძის, ი. სხირტლაძის ლექსების უმეტესობა ეძღვნება პროლეტარიატს. გვხვდება რუბრიკა „პროვინციის ამბები”, რომელშიც შუქდება საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები, მაგ., საუბარია სოფელ ვარიანში კორპორაციული დუქნის „სხივის“ წევრთა კრებაზე, აგრეთვე ქ. ხაშურში წარმოდგენილ სპექტაკლებზე „მსხვერპლი“ და „ავტოკეფალია“.

მარი წერეთელი



ლიტერატურა

  • ჟურ. „პროლეტარი“ 1919 №1 (13/IV), №2 (4/V), №3 (18/V);
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები