ჟორდანია თევდორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჟორდანია თედო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თევდორე ჟორდანია

ჟორდანია თედო (თევდორე) – (1854-1916) — ისტორიკოსი, არქეოლოგი, ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა ოქუმის სასოფლო სკოლაში, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1875-79 წწ. — მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1884-96 წწ. სასულიერო სემინარიაში ქართული სიტყვიერების მასწავლებელი იყო. აქ აღადგინა ქართული სიტყვიერების კათედრა, შეადგინა მისი ვრცელი პროგრამა, მკვიდრ ნიადაგზე დააყენა მშობლიური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სწავლება. 1888 წ. დაინიშნა საეკლესიო მუზეუმის გამგედ. 1889-91 წწ. ისტორიული მასალების შეკრების მიზნით იმოგზაურა ქართლში, კახეთში, სამეგრელოში, იმერეთში. 1896 წ. გადაიყვანეს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების მეთვალყურედ. თავგადადებული იბრძოდა ქართული ენის უფლებათა დასაცავად, მოუხდა შეტაკება მთავრობასთან ლოცვანებისა და საღვთო წიგნების მეგრულად თარგმნის უაზრობის დასასაბუთებლად (ამ ამბავს იმდროინდელი პრესაც გამოეხმაურა). 1911 წლიდან გორში ცხოვრობდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და საეკლესიო-საარქეოლოგიო საბჭოს წევრი.

შრომები

თ. ჟორდანია თანამშრომლობდა იმდროინდელ თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემაში. ავტორია 60-მდე ისტორიული ხასიათის შრომისა და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილისა; იგი იყო დავით გურამიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების პირველი მკვლევარი. მას ეკუთვნის „ქართული გრამატიკა“ (1890 წ. დამტკიცდა სახელმძღვანელოდ სამრევლო და ეპარქიული სასწავლებლებისთვის). მისი უმთავრესი შრომაა სამტომეული გამოკვლევა „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და გადმოცემული თ. ჟორდანიას მიერ“, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ისტორიოგრაფიასა და ლიტერატურის ისტორიაში. ამ გამოკვლევისთვის მასალას 80-იანი წლებიდანვე აგროვებდა. იყენებდა ხელნაწერებს, ხელნაწერ ანდერძებს, მინაწერებს, ეპიგრაფიკულ ძეგლებს, ხატებს, საკულტო საგნებისა და საფლავთა წარწერებს. პირველ წიგნში (1892) წარმოდგენილია მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენათა თარიღები უძველესი დროიდან 1213 წლამდე; მეორე წიგნში (1897) - 1211 წლიდან 1699 წლამდე. მესამე წიგნის გამოცემას ავტორი ვეღარ მოესწრო (დაიბეჭდა 1967 წ.).

თ. ჟორდანიას მიერ შეგროვებული მრავალი ისტორიული და ლიტერატურული ძეგლი ინახება საარქივო ფონდის უნიკალურ მასალათა საცავში.

ლიტერატურა

  • შ. ხანთაძე, თ. ჟორდანია როგორც ისტორიკოსი, თსუ ასპირანტთა სამეცნიერო შრომების კრებული, I, 1950;
  • ს. ცაიშვილი, თევდორე ჟორდანია, წიგნში: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, I, 1953.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები