რადიოლოკაციური სადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რადიოლოკაციური სადგური – რადიოლოკატორი, რადარი, მოწყობილობა სხვადასხვა ობიექტების (მიზნების) რადიოლოკაციის მეთოდებით აღმოსაჩენად და კოორდინატების განსასაზღვრავად.

რადიოლოკაციური სადგურის ყველაზე დამახასიათებელი ძირითადი ელემენტებია: ანტენების სისტემა, რადიოგადამცემი და რადიომიმღები მოწყობილობები, გამომავალი მოწყობილობები (ინდიკატორები, ელექტრონულგამომთვლელი მანქანები და სხვა), დაბრკოლებისაგან დამცავი აპარატურა, ელექტროკვების წყაროები.

სამხედრო დანიშნულების რადიოლოკაციური სადგურები იყოფა: მიზნების აღმოჩენის, იარაღის მართვის, საფრენი აპარატების ფრენის უზრუნველყოფის, მეტეოროლოგიური და სანავიგაციო უზრუნველყოფის სადგურებად და სხვა.

არის:

  • მეტრული, დეციმეტრული, სანტიმეტრული, მილიმეტრული და სხვა დიაპაზონებისა;
  • იმპულსური და უწყვეტი გამოსხივებისა;
  • სახმელეთო, საავიაციო, სახომალდო და კოსმოსური.

სახმელეთო რადიოლოკაციური სადგურები არის მოძრავი და სტაციონარული; ჰორიზონტსზედა და ჰორიზონტსმიღმა.

ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული სადგურები:

  • რაკეტების გამიზვნის;
  • სახმელეთო-საარტილერიო დაზვერვის;
  • აღმოჩენის, გამიზვნის და მიზანჩვენების;
  • ქვემეხების გამიზვნის;
  • მსროლელი არტილერიის დაზვერვის;
  • სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილების და სხვა.

საავიაციო რადიოლოკაციური სადგურები მეტწილად მრავალფუნქციურია. მათ ძირითად ტიპებს განეკუთვნება დაჭერის სადგურები და დედამიწის ზედაპირის ხედვის პანორამული რადიოლოკაციური სადგურები.

სახომალდო რადიოლოკაციური სადგურები ერთობ მრავალფეროვანია (თანამედროვე ხომალდებზე არის დაახლოებით 30 სხვადასხვაგვარი რადიოლოკაციური სადგური) მათი მეშვეობით განისაზღვრება საკუთარი ხომალდისა და მოწინააღმდეგის ხომალდის ადგილსამყოფელი, აგრეთვე წყდება სახმელეთო რადიოლოკაციური სადგურისთვის დამახასიათებელი ყველა ამოცანა.

კოსმოსური რადიოლოკაციური სადგურები გამოიყენება დედამიწისა და სხვა პლანეტების კვლევის, კოსმოსური აპარატების ფრენისა და დაშვების უზრუნველყოფისათვის. მათი გამოყენება შეიძლება აგრეთვე საჰაერო და კოსმოსსაწინააღმდეგო თავდაცვაში.

რადიოლოკაციური სადგურები გაჩნდა XX საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები