დევიდ რიკარდო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რიკარდო დევიდ-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Rikardo.PNG

რიკარდო დევიდ - (Ricardo David), (1772-1823) - ინგლისელი ეკონომისტი, რომელმაც ნოვატორული წვლილი შეიტანა ეკონომიკის არა ერთი სფეროს კვლევაში. რიკარდოს მთავარი და ცნობილი ნაშრომია „პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები“ (1817), სადაც მან სხვა საკითხებთან ერთად, აბსოლუტური უპირატესობის თეორიის განვითარების საფუძველზე, დაამუშავა შეფარდებითი უპირატესობის თეორია.

რიკარდომ 14 წლისამ დაიწყო მუშაობა საფონდო ბირჟაზე ჯერ ბროკერად, ხოლო შემდეგ მაკლერად. 42 წლის ასაკში მან დიდი სიმდიდრე დააგროვა, რამაც საშუალება მისცა მიეტოვებინა ამ სფეროში საქმიანობა და თავისი შესაძლებლობები მოესინჯა ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი, ეკონომიკურ მეცნიერებაში.

ეკონომიკური მეცნიერებისადმი რიკარდოს ინტერესის გაძლიერებაში უდიდესი როლი შეასრულა ა. სმითის ნაშრომმა - „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“. რიკარდოს პირველი ნაშრომი იყო 1809 წელს გამოქვეყნებული საგაზეთო სტატია, რომელიც საფუძვლად დაედო მის პირველ დიდ ტრაქტატს - „ოქროს ზოდების მაღალი ფასი“ (1810). ამ ნაშრომში რიკარდო ამტკიცებდა, რომ მიმდინარე ინფლაცია გამოწვეულია ფულადი მასის შეზღუდვით და „ინგლისის ბანკის“ წარუმატებლობის შედეგია.

რიკარდოს დიდი წვლილი მიუძღვის შრომითი ღირებულების თეორიის შექმნაში. შემდეგ ეს თეორია განავითარა კ. მარქსმა. მიუხედავად იმისა, რომ რიკარდო ხედავდა სიძნელეებს შრომითი დანახარჯებით ღირებულების (ფასეულობის) ახსნაში, იგი ეყრდნობოდა შეხედულებას, რომ შრომა ხარჯებისა და ფასების მთავარი შემადგენელია. მეცნიერთა ერთი ნაწილი უპირისპირდება რიკარდოს შრომითი ღირებულების თეორიას და მას ემპირიულ თეორიად მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ დ. რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები“ ინგლისურიდან ქართულ ენაზე 1937 წელს თარგმნა ლაიპციგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ცნობილმა ქართველმა ეკონომისტმა, პროფესორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა (რუსულ ენაზე ითარგმნა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ - 1941 წელს).

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები