ეკონომიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკა - (economy, economics) [<ბერძ. ოიკონომია მეურნეობის მართვა]

1. მეურნეობა (ქვეყნის, საწარმოს, ოჯახისა დაა.შ.), წარმოებასთან, განაწილებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობის ერთობლიობა. იყოფა მიკრო-, მეზო-, მაკრო-, და მეგაეკონომიკებად.

2. მეცნიერება, რომელიც სწავლობს როგორც ეკონომიკური კანონების თეორიულ ასპექტებს, ისე მეურნეობის კონკრეტულ მდგომარეობას. ინგლისურ ენაში პირველი მნიშვნელობის გადმოსაცემად იხმარება სიტყვა economy, ხოლო მეორისათვის- economics. სიტყვა economy მეორე მნიშვნელობით გამოიყენება მხოლოდ შემდეგ სიტყვათწყობაში - political economy პოლიტიკური ეკონომია.

ეკონომიკა, როგორც მეცნიერება, იყოფა თეორიულ და კონკრეტულ ეკონომიკურ დისციპლინებად. კლასიკური განმარტებით, ეკონომიკა, როგორც თეორიული ცოდნის სფერო, სწავლობს ადამიანთა ქცევას შეზღუდული რესურსების სხვადასხვა წესით გამოყენებისას. დასახული მიზნის მისაღწევად ამათგან ოპტიმალური წესის შერჩევა თეორიული ეკონომიკური მეცნიერების ლაიტმოტივია. ეკონომიკა, როგორც კონკრეტული ეკონომიკური დისციპლინა, შეისწავლის ეკონომიკის სექტორებსა (აგრარული, ინდუსტრიული, მომსახურების) და დარგებს, როგორც მთელი ქვეყნის, ისე მისი ცალკეული რეგიონების მიხედვით, აგრეთვე, წარმოების პირობებსა დაელემენტებს.

თავდაპირველად ეკონომიკის შესახებ პრიმიტიული წარმოდგენები არსებობდა. მათ ძველეგვიპტურ პაპირუსებში, ქვაზე ამოკვეთილ ლურსმნულ წარწერებში, ძველინდურ ვედებში და სხვა წყაროებში ვხვდებით. შემდეგ ეკონომიკის მეცნიერულად გააზრების მცდელობა გამოჩნდა ბაბილონის მეფის ჰამურაბის კანონებში (ძვ.წ. XVIII ს.), ჩინეთში - კონფუცისა და მენძის (ძვ.წ. VIV სს.), (ძვ.წ. III ს.) შეხედულებებში და ა.შ. ეკონომიკური მეცნიერების საწყისების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ანტიკური საბერძნეთის მოაზროვნეებს - ქსენოფონტს, პლატონსა და არისტოტელეს.

ქსენოფონტმა დაწერა წიგნი „ოიკონომია“ და ამით პირველმა სამეცნიერო ლიტერატურაში შემოიტანა სიტყვა „ეკონომიკა“. ამრიგად, „ეკონომიკა“ ბერძნული წარმოშობისაა. იგი (ოიკონომია) სიტყვა-სიტყვით საოჯახო მეურნეობის მართვას („ოიკოს“ - სახლი, მეურნეობა და „ნომოს“ - წესი, კანონი) ნიშნავს. არისტოტელემ „ეკონომიკისაგან“ განასხვავა „ქრემატისტიკა“, როგორც არა მეურნეობის მართვის, არამედ ფულის კეთების ხელოვნება. როგორიც უნდა ყოფილიყო ანტიკური ეპოქის ამ ან სხვა მოღვაწეების (მაგალითად, ანტიკური რომის ცნობილი წარმომადგენლების - კატონის (234-149), ძმები ტიბერიუს (169-132) და გაიუს (153-121) გრაკქუსების, ვარონის (116-27), კოლუმელას (ახ. წ. I ს.) და სხვების, ან შემდგომი პერიოდის დიდ მოაზროვნეთა შეხედულებები ეკონომიკის შესახებ, მათ მაინც არ ჰქონდათ სისტემური ხასიათი. ეკონომიკა არ იყო მეცნიერების ცალკე, დამოუკიდებელი დარგი, ვინაიდან არ არსებობდა მეცნიერების კლასიფიკაცია. იგი მხოლოდ მეცნიერების ერთიან სისტემაში იყო ჩართული.

ასე რთულად იკაფავდა გზას ეკონომიკა, როგორც ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების სისტემურად შემსწავლელი მეცნიერება და ხაზგასმით აღსანიშნავი არაფერი ყოფილა XVI-XVII საუკუნეებამდე. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა პირველი ეკონომიკური მიმდინარეობა - მერკანტილიზმი (ქვეყნის სიმდიდრის ზრდის გადამწყვეტ პირობად საგარეო ვაჭრობის განვითარებას მიიჩნევდა), რომელმაც მნიშვნელოვანი წანამძღვრები შექმნა ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, ფორმირებისათვის.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები