რიტორიკული კითხვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიტორიკული კითხვა – (ბერძნ. rhētorikē – რიტორი, ორატორი), ორატორული ხელოვნების ხერხი, რიტორიკული ფიგურების სახე, რომელიც წარმოადგენს შეკითხვის ფორმით გამოხატულ მტკიცებას, – როგორც წესი, უარყოფითს. მაგ., „ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები?“ (ა. წერეთელი), წინადადების რეალური შინაარსია: ვერავინ დათვლის ქვიშასა და ვარსკვლავებს.

რიტორიკული კითხვა ექსპრესიული ფუნქციით ინტენსიურად გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. როდესაც მეტყველების სტილის ღირსება მისი დამაჯერებლობით, დარწმუნების ძალით განისაზღვრებოდა. ამ ფიგურის გამოყენება დაკავშირებულია ისეთ ანტიკურ მიმდინარეობებთან, როგორიცაა პითაგორელობა, სოფისტიკა და მისთ.

რიტორიკული კითხვა თავისი სტრუქტურით გარეგნულად არ განსხვავდება ჩვეულებრივი კითხვისაგან: შეიცავს კითხვით სიტყვა-წევრებს (ვინ, რა, სად, როდის და ა. შ.) ან კითხვით ნაწილაკებს (განა, ნუთუ და სხვ); შეიძლება შეგვხვდეს კითხვითი სიტყვების გარეშეც. მაგრამ ჩვეულებრივი კითხვისაგან იმით განსხვავდება, რომ პასუხს არ მოითხოვს. ამიტომ მრავალი ჩართული სიტყვა-თქმა წარმოშობით რიტორიკული კითხვებია (რა თქმა უნდა, რასაკვირველია, მეტი რა გზაა, რა შუაშია, რა ვიცი, როგორ გეკადრებათ-).

რიტორიკული კითხვის ძირითადი გრამატიკული მექანიზმი არის I პირთან (ე. ი. მოსაუბრისათვის ყველაზე ნაცნობ პირთან) სიახლოვის მიმთითებელი სიტყვების ხმარება (ეს, აქ,აქეთ..), რომლებიც შეიცავენ I პირთან სიახლოვის მიმანიშნებელ დეიქტურ ა, ე ნაწილაკებს, ამითვე აიხსნება რიტორიკულ კითხვაში მონაწილე ზმნებზე სააქეთო ორიენტაციის მო- ზმნისწინის დართვა (სად მოდის?).

რიტორიკული კითხვის კითხვითი სტრუქტურა დაცლილია თავისი ძირითადი ფუნქციისაგან – ნეიტრალური, ცნობისწადილისმიერი კითხვის გამოხატვის ფუნქციისაგან, რის გამოც ამგვარ „კითხვას“ ადრესატი არ მოეპოვება. თუკი ფორმალურად ადრესატის აღმნიშვნელი, წოდებითში დასმული არსებითი სახელი წინადადებაში არის, მისი სემანტიკა ირეალური ან აბსტრაქტულია და ამიტომ იგი ნამდვილი მიმართვის ადრესატად ვერ გამოდგება. მაგ., „ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?“ (შოთა რუსთაველი). ასეთი სახელებია: ღმერთი, სამშობლო, წუთისოფელი, მამული და მისთ.

რიტორიკული კითხვის სემანტიკური თავისებურებებიდან აღსანიშნავია მოსაუბრის სუბიექტური, როგორც წესი, ნეგატიური დამოკიდებულების აღმნიშვნელი ეპითეტები (უბედური, საწყალი, ოხერი…), ასევე წყევლის ფორმულები. ყველა ეს კომპონენტი ორნამენტულ ხასიათს სძენს რიტორიკული კითხვას და მას ექსპრესიული მეტყველების სფეროს მიაკუთვნებს.

შ. აფრიდონიძე


ლიტერატურა

  • აფრიდონიძე ფ. რიტორიკული კითხვა: სტრუქტურა და გამოყენება. – „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, წგ. II, თბ, 1998.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები