რიჩარდ III (პიესა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„რიჩარდ III”უილიამ შექსპირის ისტორიული პიესა, დაწერილი დაახლოებით 1592-1594 წლებში, რომელიც ასახავს ინგლისის მეფე რიჩარდ III-ის ხელისუფლებაში მოსვლასა და მის ხანმოკლე მეფობას.

წითელი და თეთრი ვარდების ომის დასასრულს შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქრონიკაში – „რიჩარდ III”-ში (1592-1593) ვხედავთ. თუ ტრილოგიაში „ჰენრი VI” მოვლენათა ვრცელი ეპიკური ტილო იშლება, რომლის ფონზე მრავალი ადამიანის დრამატული ბედისა თუ პირადი ტრაგედიის მომსწრენი ვხდებით, „რიჩარდში III”-ში მთელი მოქმედება რიჩარდ გლოსტერის ცენტრალური ფიგურის ირგვლივ არის კონცენტრირებული. მას, ხშირად, მაკიაველურ პერსონაჟს უწოდებენ და კრისტოფერ მარლოს ტიტანურ გმირებს ადარებენ, თუმცა, შექსპირის ტრაგედია სრულიად სხვა მსოფლმხედველობრივ პრინციპებზეა აგებული. დინასტიური ბრძოლის ქარცეცხლში გამოწრთობილი რიჩარდი იმ რეალობის პროდუქტია, რომელმაც იგი შვა. დედის საშოდან დროზე ადრე დაბადებული, კოჭლი და კუზიანი, თითქოს გარეგნულად ატარებს მის სულში არსებულ მანკიერებათა ანაბეჭდს და ინტერლუდიისა თუ მორალიტეს ალეგორიულ პერსონაჟ ბოროტებას გვახსენებს. მეორე მხრივ, შექსპირი რიჩარდს ახალი დროების უკიდურეს პრაგმატიკოსად გვიხატავს, რომლის ყოველი ნაბიჯი რაციონალურად გათვლილი და გააზრებული სქემის ნაწილია. გარემომცველი ადამიანები მისთვის მხოლოდ მიზნის მიღწევის – სამეფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალებას წარმოადგენენ. ღალატი, ფარისევლობა, სიცრუე, ცილისწამება და მკვლელობა კი ამ მიზნის განხორციელების ინსტრუმენტებია. ძმისა და ძმისწულების მოკვლა რიჩარდისთვის ისეთივე გამართლებული ნაბიჯია, როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა განადგურება. მის გულს ქალისადმი სიყვარულიც არ ეკარება, არშიყი და ქორწინება იმავე პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რომელიც სამეფო ტახტის მოპოვებას ისახავს მიზნად. ამ თამაშში რიჩარდ გლოსტერი საკვირველ აზრტს, მიზანდასახულებასა და ენერგიას ავლენს, რაც საწადელის მიღწევაში ეხმარება. ახალი მეფის დაუნდობელი სისასტიკე მის წინააღმდეგ ამბოხის მიზეზი ხდება, რომელსაც გრაფი რიჩმონდი, მომავალში ჰენრი VII ტიუდორი უდგას სათავეში. წარსულში მისი ერთგული მოკავშირეებიც მტრის ბანაკში გარბიან. „ომით შობილი” რიჩარდ III ომშივე კვდება და შექსპირის ქრონიკების მეფეთა გალერეას „უერთდება”.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები