რკინაბეტონის ელემენტების გრძივი დაარმატურება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რკინაბეტონის ელემენტების გრძივი დაარმატურება – გრძივი არმატურის კვეთის ფართობი რკინაბეტონის ელემენტებში მიიღება ბეტონის კვეთის ფართობის (0,05-0,25)%-ის ფარგლებში. ელემენტებში, რომელთა გრძივი არმატურა თანაბრადაა განლაგებული კვეთის კონტურზე, აგრეთვე ცენტრულად გაჭიმულ ელემენტებში, მთელი გრძივი არმატურის კვეთის მინიმალური ფართობი აიღება (0,1-0,5)%-ის ფარგლებში. S და S' არმატურის შემცველობის მინიმალური პროცენტი გარეცენტრულად შეკუმშულ ელემენტებში, რომელთა მზიდუნარიანობა საანგარიშო ექსცენტრისიტეტისას 50%-ზე ნაკლებადაა გამოყენებული, მოქნილობის მიუხედავად მიიღება 0,05-ის ტოლი. შეკუმშული ელემენტის გრძივი ღეროების დიამეტრი (მმ) არ უნდა აღემატებოდეს, ბეტონისათვის:

ა) მძიმე და წვრილმარცვლოვანი:


ა.ა) B25 კლასზე ნაკლები – 40;
ბ) მსუბუქი და დაფოროვნებული, კლასებისათვის:
ბ.ა) B12,5 და ნაკლები – 16;
ბ.ბ) B15-B25 – 25;
ბ.გ) B30 და მეტი – 40;
გ) უჯრედოვანი, კლასებისათვის:
გ.ა) B10 და ნაკლები – 16;
გ.ბ) B12,5-B15 – 20.

მსუბუქი ბეტონებისაგან დამზადებულ ღუნვად ელემენტებში A–IV და დაბალი კლასის არმატურის გამოყენებისას, გრძივი ღეროების დიამეტრი (მმ) არ უნდა აღემატებოდეს ბეტონის კლასების მიხედვით:

ა) B12,5 და ნაკლები – 16;
ბ) B15-B25 – 25;
გ) B30 და მეტი – 32.

B10 და უფრო დაბალი კლასის უჯრედოვანი ბეტონისაგან დამზადებულ ღუნვად ელემენტებში გრძივი არმატურის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 16 მმ. გარეცენტრულად შეკუმშული ელემენტების გრძივი ღეროების დიამეტრი მონოლითურ კონსტრუქციებში უნდა იყოს არანაკლებ 12 მმ-სა. გარეცენტრულად შეკუმშულ ხაზოვან ელემენტებში გრძივი არმატურის ღეროებს შორის მანძილი უნდა იქნეს მიღებული: ღუნვის სიბრტყის მართობული მიმართულებით არაუმეტეს 400 მმ, ხოლო ღუნვის სიბრტყის მიმართულებით – არაუმეტეს 500 მმ. 150 მმ-ზე უფრო განიერ კოჭებში გრძივი სამუშაო ღეროების რაოდენობა, რომელიც გადაიყვანება საყრდენის კიდის იქით, უნდა იყოს არანაკლებ ორისა. ასაწყობი რკინაბეტონის პანელების, ფილების, ხშირწიბოვანი გადახურვის და ა.შ. წიბოებში, რომელთა სიგანე 150 მმ და ნაკლებია, დასაშვებია საყრდენამდე ერთი გრძივი სამუშაო ღეროს მიყვანა. ფილებში იმ გრძივი არმატურის ღეროებს შორის მანძილები, რომელნიც საყრდენის კიდის იქით უნდა იქნეს მიყვანილი, არ უნდა აღემატებოდეს 400 მმ; ამასთან, ამ ღეროების განივკვეთის ფართობი ფილის 1 მ სიგანეზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1/3 ფილის მალში განლაგებული ღეროების ფართობისა, რომელიც განსაზღვრულია უდიდეს მღუნავ მომენტზე გაანგარიშებით. 300 მმ და ნაკლები სიმაღლის, მძიმე ბეტონზე დამზადებულ წინასწარ დაძაბულ ღრუტანიან (წრიული სიცარიელეებით) ფილებში საყრდენის კიდის იქით მისაყვან დაძაბულ არმატურებს შორის მანძილი დასაშვებია გადიდდეს 600 მმ-მდე, თუ ფილის გრძივი ღერძისადმი ნორმალური კვეთის ბზარწარმოქმნის მომენტის სიდიდე, გარე დატვირთვებისაგან მომენტის სიდიდის არანაკლებ 80% შეადგენს, რომელიც მიიღება დატვირთვის მიხედვით საიმედოობის კოეფიციენტით γf = 1,0. უჭრი ფილების შედუღებული რულონური ბადეებით დაარმატურებისას დასაშვებია შუალედ საყრდენებთან ყველა ქვედა ღერო გადაყვანილ იქნეს ზედა ზონაში. სამუშაო ღეროების ღერძებს შორის მანძილი ფილის შუა ნაწილში და საყრდენზე (ზემოთ) უნდა იყოს არაუმეტეს 200 მმ, როდესაც ფილის სისქე 150 მმ-დეა და არაუმეტეს 1,5h – 150 მმ-ზე მეტი ფილის სისქისა, სადაც h – ფილის სისქეა. ღუნვად ელემენტებში, რომელთა კვეთის სიმაღლე 700 მმ-ზე მეტია, გვერდით წახნაგებთან უნდა განლაგდეს კონსტრუქციული გრძივი ღეროები, მათ შორის მანძილით სიმაღლეზე, არაუმეტეს 400 მმ-სა და კვეთის ფართობით, არანაკლებ ბეტონის კვეთის ფართობის 0,1%-ისა, რომლის ზომებია ელემენტის სიმაღლეზე ამ ღეროებს შორის მანძილის ტოლი, სიგანეზე – ელემენტის წიბოს სიგანის ნახევარი, მაგრამ არაუმეტეს 200 მმ-სა. გრძივი არმატურის შედუღებული პირაპირები ეწყობა ელემენტის ნებისმიერ კვეთში. ამასთან, ერთ კვეთში ერთდება არაუმეტეს ყოველი მეორე ღეროსი, ხოლო შეერთებათა შორის მანძილი ელემენტის სიგრძეზე შეადგენს არანაკლებ 100 მმ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები