სამყაროს ჰარმონია (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამყაროს ჰარმონია – გერმანელი კომპოზიტორის პაულ ჰინდემიტის ოპერა

ოპერა „სამყაროს ჰარმონია“ ჰინდემიტის მსოფლმხედველობრივი ძიებების თავისებური შედეგია. ნაწარმოების იდეა ეფუძნება XVI ს-ის ბოლოსა და XVII ს-ის დასაწყისის გერმანელი ფილოსოფოსის და ასტრონომის იოჰანეს კეპლერის შეხედულებებს სამყაროზე და მის მიერ ანტიკურ თეორიებზე დაყრდნობით შექმნილ სამყაროს ჰარმონიის კონცეფციას. კეპლერმა თავის ერთ-ერთ ტრაქტატში წამოაყენა პლანეტების მოძრაობის თეორია და შექმნა სამყაროს ჰელიოცენტრისტული სურათი. ამავე ტრაქტატში კეპლერმა განავითარა პითაგორას იდეა ციური სხეულების მოძრაობის მუსიკალურ ჰარმონიულობაზე.

ოპერა „სამყაროს ჰარმონია“ მონუმენტური ხუთაქტიანი კომპოზიციაა, რომელშიც ყველაზე თანმიმდევრულადაა რეალიზებული კომპოზიტორის შეხედულებები გაფართოებულ ტონალობაზე. მთელი ოპერის ტონალური ცენტრია E, ხოლო ყოველი ახალი ცენტრი ასახავს კონკრეტულ სცენურ სიტუაციას და კონკრეტული პერსონაჟის მიმართებას კეპლერთან, სამყაროს ჰარმონიის მისეულ კონცეფციასთან, რომელიც ბგერა E-სთანაა დაკავშირებული. ჰინდემიტის თეორიის შესაბამისად E-სგან ყეელაზედაშორებული ტონალური ცენტრი B-ა, რომელიც უკავშირდება ისეთ დრამატულ სცენებს, როგორიცაა: კეპლერის და კაიზერ რუდოლფის დიალოგი, კეპლერის ეკლესიისგან განკვეთა. ტონალურ ცენტრებთან ერთად ოპერაში მნიშენელოვან როლს ასრულებს მოტივების სემანტიკა. განსაკუთრებითაა ხაზგასმული პატარა ტერციის ინტერვალი, რომლითაც კომპოზიტორი ახასიათებს კეპლერთან დაპირისპირებულ პერსონაჟებს (მაგალითად, კაისერ რუდოლფი, მღვდელი ჰიცლერი) და, ასევე აღმავალი ნახტომი წმინდა კვინტაზე, რომელიც ადამიანის გონების ყოვლისშემძლეობის სიმბოლოა, კეპლერის რწმენით.

გრანდიოზული ხუთმოქმედებიანი „სამყაროს ჰარმონია“ ტიპურად ნეოკლასიცისტური ნაწარმოებია, რომელიც მრავალრიცხოვან და, ამასთანავე, განსხვავებულ ისტორიულ ანალოგიებს ბადებს: არიის, არიოზოს და ანსამბლის ტრადიციული ფორმები აქ თანაარსებობენ სცენური პოლიფონიის ახლებურ ფორმებთან, ბაროკოს ეპოქას ნაწარმოები უკავშირდება ტონალური და მოტივური სიმბოლიკის ფართო გამოყენებით და მასალის განვითარების ვარიაციულ-სტროფული ტიპით, ოპერის გრანდიოზული ხუთაქტიანი კომპოსიცია ლიულის დროინდელ ფრანგულ ოპერას მოგვაგონებს, ხოლო ორმაგი ფინალი კი მონტევერდის ორფევსს.

ოპერაზე – სამშაროს ჰარმონია – ჰინდემიტი თითქმის ათი წელი მუშაობდა, მაგრამ მის საბოლოო დასრულებამდე შექმნა ოპერის სიმფონიური ვარიანტი, ანუ სიმფონია სამყაროს ჰარმონია, რომელიც (ოპერისგან განსხვავებით) ერთ-ერთი რეპერტუარული ნაწარმოები გახდა.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები