სამშენებლო არმატურის სახეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არმატურის განლაგება რკინაბეტონის კონსტრუქციებში
ღეროვანი არმატურა
წრიული განივკვეთის მავთულოვანი არმატურა

სამშენებლო არმატურის სახეები – სხვადასხვა განივკვეთისა და ფორმის ფოლადის ღეროები, ბაგირები, წნულები, რომლებიც იღებენ გამჭიმ და მხებ ძაბვებს, წარმოშობილს რკინაბეტონის ელემენტებში გარე დატვირთვებისა და კონსტრუქციის საკუთარი წონისგან. განივკვეთის პროფილის მიხედვით არმატურა არის წრიული განივკვეთის, გლუვზედაპირიანი (ნაჭდევების გარეშე) და პერიოდული პროფილის (ნაჭდევებით). დამზადების შრომატევადობისა და დიამეტრის მიხედვით – მსუბუქი (12 მმ-მდე დიამეტრის) და მძიმე (დიამეტრით 12-40 მმ).

რკინაბეტონის კონსტრუქციებსა და ნაკეთობებში გამოყენებული არმატურა იყოფა სახეებად: მუშა, გამანაწილებელი, საკიდები და სამონტაჟო.
მუშა – არმატურა ღებულობს გამჭიმ ძალებს;
გამანაწილებელი – აფიქსირებს მუშა არმატურის ღეროებს საპროექტო მდგომარეობაში და ანაწილებს დატვირთვებს მათ შორის;
საკიდები – კრავს არმატურებს ერთიან კარკასად და იცავს საყრდენებთან ბეტონს დახრილი ბზარების გაჩენისგან;
სამონტაჟო – არმატურა არავითარ ძალებს არ იღებს, ის ემსახურება არმატურის კარკასის აწყობასა და უზრუნველყოფს მუშა არმატურისა და საკიდების ზუსტ განლაგებას კონსტრუქციის დაბეტონებისას.

ცოცვადობის დეფორმაციის საწინააღმდეგოდ დაბეტონების პროცესში ახდენენ არმატურის ბოლოების მოღუნვას კაკვის სახით. პერიოდული პროფილის არმატურის გამოყენებისას აუცილებელი არ არის ბოლოების აღუნვა.

დაყენების ხერხის მიხედვით არმატურა არსებობს: ღეროვანი, არმატურის ბადეები, არმატურის კარკასები და არმატურული კონსტრუქციები.
ღეროვანი – არმატურა შეიძლება იყოს წრიული განივკვეთის მავთულოვანი ან ხისტი გაგლინული ფოლადის პროფილებით (ორტესებრი, შველერი, კუთხედი, რელსი, მილი და სხვ.).
ბადეები – ურთიერთგადამკვეთი ღეროების ერთობლიობაა, შეერთებული გადაკვეთის წერტილებში შედუღებით ან მავთულით. გამოიყენება ძირითადად ფილების დასაარმირებლად.
კარკასები – შედგება გრძივი მუშა არმატურისა და მათი შემაერთებელი განივი არმატურისგან (საკიდები). ის შეიძლება იყოს ბრტყელი ან სივრცითი. ძირითადად გამოიყენება კოჭებისა და სვეტების დაარმირებისათვის.
არმატურულ კონსტრუქციებს – მიეკუთვნება გამზადებული შენადუღი ბადეები და კარკასები. წინასწარ დაძაბული კონსტრუქციებისათვის მაღალი სიმტკიცის ღეროების პარალელურად გამოიყენება ფოლადის ბაგირები, წნელები და წნულები, დამზადებული მაღალი სიმტკიცის მავთულისაგან დიამეტრით 3 მმ.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები