საპონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საპონა

Saponaria officinalis L.საპონა.

მრავალწლოვანი ბალახოვანი 30-100 სმ-მდე სიმაღლის მცენარეა, დატოტვილი მოწითალო-მურა ფერის ფესურით. ღეროები მრავალრიცხოვანია, სწორმდგომი, წახნაგოვანი, შიშველი ან მოკლე ბუსუსებით მოფენილი. ფოთლები მოპირისპირეა, მოგრძო ან ოვალური, წაწვეტებული, ზედა – მჯდომარეა, ქვედა – მოკლე ყუნწიანი. ყვავილები სურნელოვანია, შეკრებილია მრავალყვავილოვან ფარისებრ-საგველა ყვავილედებად. გვირგვინი 5-ფოთოლაკიანია, 1,5-ჯერ გრძელია ჯამის ფოთლებზე, შეფერილობით თეთრია, იშვიათად მოთეთრო-ვარდისფერი. ნაყოფი მოგრძო-ოვალური ერთბუდანი კოლოფია, იხსნება წვერიდან. თესლები წვრილია, შავი, მრავალრიცხოვანი. ყვ. VI-IX; ნაყ. IX.

იზრდება ტყის პირებზე, დატბორილ მდელოებზე, მდინარეების ნაპირებზე, დასარევლიანებულ მინდვრებზე.

მცენარის ყველა ნაწილი, განსაკუთრებით ფესვები შეიცავს საპონინებს, რომლებიც წყალში ქაფდება საპნის მსაგავსად, რის გამოც მას უწოდებენ „ძაღლის საპონსაც“. ვეტერინარიაში გამოიყენება ნაწლავების დაავადებებისა და ჭიისმდენ საშუალებად.

ხალხურ მედიცინაში ფესვებისა და მიწისზედა ნაწილების ნაყენი იხმარებოდა როგორც ამოსახველებელი და ხველების საწინააღმდეგო საშუალება ფილტვების დაავადებებისას (ბრონქიტი, პნევმონია, ყივანახველა, აუტანელი, მტანჯავი ხველება); ხასიათდება ნაღველმდენი (სიყვითლის დროს), შარდმდენი (წყალმანკი, თირკმლისეული შეშუპებები), ოფლმდენი, და საფაღარათო მოქმედებით.

ფოთლებისა და ფესვების ნაყენს უნიშნავენ შინაგანად ნივთიერებათა ცვლის დარღვევებისას — ნიკრისის ქარის, ეგზემის, ექსუდატიური დიათეზის, ფურუნკულების, ქერცლოვანი სირსველის, დერმატოზების სამკურნალოდ. ფესვების ნახარშს იყენებენ რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, სახსრების ტკივილის, სიყვითლის, ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, კუჭ-ნაწლავის (განსაკუთრებით მეტეორიზმის), ელენთის დაავადებების სამკურნალოდ, გულისრევის დროს. ფაფას (დაქუცმაცებული ფესვები მცირე რაოდენობის მდუღარე წყალში გახსნილი) ადგილობრივ იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების, ეგზემის, მუნის საწინააღმდეგოდ.

ზ. შენგელიას მიხედვით (1983) საპონას ფესვებს ქართულ ხალხურ მედიცინაში იყენებენ ამოსახველებლად და ათაშანგის სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, ქრონიკული რევმატიული ანთების დროს და კანის გამონაყრების წინააღმდეგ.

მცენარის ყველა ნაწილი, განსაკუთრებით ფესვები შხამიანია! დიდი დოზით შინაგანი მიღებისას იწყება პირღებინება, მუცლის ტკივილები, კუჭის აშლილობა, ხველება. მოწამლვის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს მოტკბო, შემდეგ მწვავე გემო ლორწოს შეგრძნებით. აუცილებელია სასწრაფოდ მოხდეს კუჭის გამორეცხვა აქტივირებული ნახშირის ან 2%-იანი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის (საჭმელი სოდა) ხსნარით და დაენიშნოს შემომგარსავი საშუალებები (ბიძინაშვილი, 2020).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები