საჰაერო ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საჰაერო ბრძოლა

საჰაერო ბრძოლა - თვითმფრინავების (ვერტმფრენების), საავიაციო ქვედანაყოფებისა და ნაწილების ორგანიზებული შეიარაღებული შეტაკება საჰაერო მოწინააღმდეგის განადგურების, მისი იერიშების მოგერიების მიზნით. იგი მიმდინარეობს საჰაერო ოპერაციის ან საჰაერო ბრძოლების ფარგლებში, აგრეთვე საერთო-საჯარისო (საერთო-საზღვაო) ოპერაციაში ავიაციის საბრძოლო მოქმედებების დროს.

საჰაერო ბრძოლა შეიძლება იყოს შეტევითი და თავდაცვითი. სამხედრო ავიაციის გაჩენისა და მისი საბრძოლო გამოყენების დაწყების შემდეგ საჰაერო ბრძოლები მიმდინარეობდა ცალკეულ თვითმფრინავებს შორის ეპიზოდური დუელის სახით. მაგრამ უკვე I მსოფლიო ომის დროს საჰაერო ბრძოლას მნიშვნელოვანი გაქანება მიეცა. შეტევითი საჰაერო ბრძოლის წარმოებისათვის შეიქმნა ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავები. სხვა ტიპის თვითმფრინავებზე აყენებდნენ იარაღს მოწინააღმდეგის საჰაერო იერიშების მოსაგერიებლად.

II მსოფლიო ომის დროს ასეთმა ბრძოლებმა მასობრვი და გააფთრებული ხასიათი მიიღო. ისინი წარმოებდა დღისით და ღამით, ყველაზე უკეთ მომზადებული ეკიპაჟების მიერ პრაქტიკულად ყოველგვარი ამინდისა და კლიმატის პირობებში. მონაწილეთა შემადგენლობის მიხედვით ბრძოლები იყო ცალკეული და ჯგუფური.

ავიაციის სწრაფმა განვითარებამ XX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად შეცვალა საჰაერო ბრძოლების ტაქტიკა, გაართულა მისი წარმოების პირობები, მკვეთრად აამაღლა მოთხოვნები თვითმფრინავების ეკიპაჟების მომზადებისადმი. თანამედროვე პირობებში საჰაერო ბრძოლა შეიძლება წარმოებდეს „ჰაერი-ჰაერი“ მართული რაკეტების, საავიაციო ზარბაზნების გამოყენებით, ამავე დროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ინტენსიური ამოქმედებით ისეთ მანძილებზე, რომლებიც მრავალგზის აღემატება ვიზუალურ სიშორეს (შორი სარაკეტო ბრძოლა) და ვიზუალური ხედვის ფარგლებში (ახლო სამანევრო ბრძოლა).

საჰაერო ბრძოლა შეიძლება წარმოებდეს ავიაგამანადგურებლებს, სხვა ტიპის თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს შორის. თანამედროვე ბომბდამშენებს, ავიაგამანადგურებელ ბომბდამშენებს (ტაქტიკურ ავიაგამანადგურებლებს) და მოიერიშეებს ასევე შეუძლიათ წარმატებით მიიტანონ იერიში საჰაერო მოწინააღმდეგეზე.

საჰაერო ბრძოლა, ჩვეულებრივ, მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ხელსაყრელი მდებარეობის დაკავება (მიახლოება),
  • იერიში (ერთი ან რამდენიმე),
  • იერიშებს შორის მანევრირება,
  • საჰაერო ბრძოლიდან გამოსვლა.

მიახლოება იწყება მას შემდეგ, რაც აღმოაჩენენ მოწინააღმდეგეს საბორტო საძებნი საშუალებების მეშვეობით, ვიზუალურად ან სამეთაურო პუნქტიდან დამიზნების შედეგად. საჰაერო ბრძოლის ყველაზე პასუხსაგები ეტაპია იერიში; მასში შედის სამიზნის მიმართულებით მანევრი, დამიზნება და რაკეტის გაშვება ან ზარბაზნების სროლა.

იხილე აგრეთვე

ბრძოლა

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები